ავტორი სალომე უერთაშვილი
„ჩემთვის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იყო ძალიან მძიმე აღსაქმელი", - ამის შესახებ ანალიტიკოსმა დემურ გიორხელძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. როგორც გიორხელიძე აღნიშნავს, საქართველოში სიტყვის თავისუფლებას საფრთხე არ ემუქრება და ეს, უბრალოდ, პოლიტიკური პროპრაგანდაა.
„ჩემთვის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იყო ძალიან მძიმე აღსაქმელი, არა იმიტომ, რომ ვიღაც დაიცვა, ან არ დაიცვა. მე არ ვამბობ ახლა, ვინაა მტყუანი და ვინ მართალი, მაგრამ თვითონ მოსამართლის საქციელი არის გაუგონარი საქციელი, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არა გაქვს გადაწყვეტილება ოფიციალური სახით მიღებული და ვიღაც მოსამართლე აკეთებ ამას. გააკეთებდა თუ არა იგივე მოსამართლე 7 ნოემბრის საზიზღარი დარბევის დროს იმავეს, ხომ იყო იქ მორიგე მოსამართლე და არ გააკეთა, ასე იყო სხვა შემთხვევებშიც. ეს არის საქციელი, რომელიც სტრასბურგის და საერთოდ ევროპულ სასამართლოს არ ანიჭებს ავტორიტეტს, რადგანაც ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურ ანგაჟირებას.
არავითარი საფრთხე საქართველში სიტყვის თავისუფლებას არ ემუქრება, ესაა პოლიტიკური, ძალიან იაფფასიანი პროპაგანდა, ვერავინ ვერავის ვერ გადაუკეტავს საინფორმაციო არხებს. ყველა ტელევიზია რომ დაიხუროს, საქართველოს მოქალაქეებს არანაირი ინფორმაცია არ მოაკლდებათ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ დღეს სხვა ტექნოლოგიური საშუალებებია, ამიტომ ეს ბლეფი, არასამთავრობო თუ სხვა ორგანიზაციების კივილ-წივილი არაფრის გამო, რომლებიც, უბრალოდ, სერვის ფუნქციებს ასრულებენ და საცოდავი უბადრუკი სანახავი არიან, ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს", - განაცხადა გიორხელიძემ.
მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში გააჩინა ეჭვი, რომ ევროპაში სამართალი არ არსებობს.
„სამართალი მოითხოვს იმას, რომ ყველაფერი ღიად იყოს განხილული, ჩვენ უნდა დავემორჩილოთ სასამართლოს გადაწყვეტილებებს. უზენაესი სასამართლო ნებისმიერი ქვეყნისა არის უზენაესი სასამართლო, რომელიც იმ ქვეყნის კანონმდებლობის ფარგლებში არის გადაწყვეტილების ის დონე, რომელსაც ვერანაირი სხვა სამართალი ვერ დაუპირისპირდება, ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ამ სრულიად ანგაჟირებულმა პოლიტიკურმა საქციელმა ქართველი საზოგადოების ნაწილში ის აზრი გააჩინა, რომ სამართალი ევროპაში არ არსებობს", - ამბობს გიორხელიძე.