ავტორი სალომე უერთაშვილი
აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ე.წ. „ციანიდის საქმის" შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ შეტევა მართლმადიდებლობაზე დიდი ხნის წინათ დაიწყო, ხოლო პატრიარქის მოწამვლის მცდელობა პირველი არ ყოფილა.
„ეს ხომ ახალი ამბავი არ არის, შეტევა დიდი ხნის წინათ დაიწყეს, მაშინ, როდესაც ამერიკის იდეოლოგები გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ კომუნისტებს ბრძოლა მოუგეს, თუმცა, უკანასკნელი საბრძოლველი ობიექტი მართლმადიდებლობა იყო, რომელიც ხელს უშლიდათ. აი, აქაც, ახლა საქართველოში, თუ რამე საყრდენია ჩვენი ეროვნებისა და ვინაობისა, ეს არის მართლმადიდებლობა და ოჯახი, ამიტომაც ორივეს უტევენ, მართლმადიდებლობას კი - უფრო დიდი ხანია.
უწმინდესის და უნეტარესის მოწამვლის მცდელობა პირველი არ არის, ადრევე არსებობდა შეთქმულება თვითონ სინოდში. მაგრამ დღეს რაც ხდება, არის ლაგამაწყვეტილობა.
რომ გამოდის პეტრე ცაავა და ლაპარაკობს, ეგ, იცით, ვინ არის? ერთი ჯიბგირი იყო და ახლა იმ უწესიერეს კაცს, ზვიადაძეს ქურდობას აბრალებს, სირცხვილი არ არის? პეტრე ცაავა არის მეუფე, რომელსაც სენაკში ქრისტეს ნაცვლად ეკიდა მიხეილ სააკაშვილის სურათი და მარიამ ღვთისმშობლის ნაცვლად - რულოვსის სურათი. თვითონ ამ დეკანოზ მამალაძის საუბარი გულისამრევია, წამოჯგიმულა იქ და ძველი ბიჭივით რაღაცას ლაპარაკობს. ანაფორას თუ ჩაიცვამ, იარაღი არ უნდა გქონდეს, რადგანაც შენ ხარ ღვთისმსახური და ღვთისმსახურს იარაღი მხოლოდ მაშინ სჭირდება, როცა სამშობლოს უჭირს.
იქ, როგორც ჩანს, არის გარკვეული დაჯგუფება. რაც შეეხება შორენა თეთრუაშვილს, ის ჩემი სტუდენტი იყო და ძალიან წესიერი ბავშვი გახლდათ, მას უტევენ იმის გამო, რომ პატრიარქის ერთგულია", - განაცხადა ჯაველიძემ.