ავტორი სალომე უერთაშვილი
„არგენტინის სახლი საქართველოში" თავმჯდომარემ ნიკოლოზ პატარქალშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიმართა.
„ბატონო გიორგი,
გაცნობებეთ, რომ გასული წლის 11 იანვარს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში თქვენს სახელზე რეგისტრაციაში გატარდა „არგენტინის სახლი საქართველოში" წერილი ნომრით: 703 და მიმდინარე წლის 1 მარტს ნომრით: 6553.
გვინდა ჩაგაყენოთ საქმის კურსში, რომ ა.წ. 23 თებერვალსა და 1 მარტს „არგენტინის სახლმა საქართველოში" ანალოგიურ საკითხზე წერილი გაუგზავნა არგენტინის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბ-ნ მაურისიო მაკრის და შესაბამისად, ამ წერილის ასლი გაიგზავნა არგენტინის რესპუბლიკის საელჩოში თურქეთში, მინისტრის, ბ-ნ მარსელო აპელანის სახელზე.
აღსანიშნავია, რომ გაგზავნილ წერილებს თან დაერთო: საქართველოს სამინისტროების, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, თბილისის მერიის, მცხეთა-მთიანეთის გუბერნიის, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის წერილების ასლები, რომლებშიც ისინი მიესალმებიან „არგენტინის სახლის" პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარებას საქართველოში.
აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს: საქართველოსა და ლათინური ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის „მერკოსურის" კავშირის (არგენტინა, ბრაზილია, ურუგვაი..) ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული, სპორტული და ტურისტული ურთიერთთანამშრომლობის განვითარებისათვის ხელშეწყობას. აგრეთვე, რიგი კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას თბილისში, მცხეთასა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში, ხოლო შემდგომ „მერკოსურის" კავშირის ქვეყნებში.
ამ პროექტის ხერხემალია („მერკოსურის" ქვეყნების კომერციულ მისიასა და ღონისძიებების საზეიმო ცერემონიასთან ერთად) საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის ჩატარება, - „პელეს თასზე", რომელიც ეძღვნება ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელების მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის ხსოვნას. მოწვეული იქნებიან არგენტინის, ბრაზილიისა და ურუგვაის ქვეყნების 21 წლამდე ნაკრები გუნდები. ამ ტურნირის ტელერეპორტაჟები გადაიცემა სამხრეთ ამერიკისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას.
აღსანიშნავია, რომ ტურნირის დღეებში იგეგმება ხუთფიგურიანი სკულპტურული კომპოზიციის გახსნა (1965 წელს, მოსკოვში, ლუჟნიკების სტადიონზე გადაღებული ცნობილი ფოტოს მიხედვით, რომელზეც აღბეჭდილი არიან: გიორგი სიჭინავა, სლავა მეტრეველი, პელე, ანზორ კავაზაშვილი და მიხეილ მესხი). ამ ღონისძიებებზე მოწვეული იქნებიან: ბრაზილიიდან - პელე; ფიფასა და უეფას წარმომადგენლები; სრულიად რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ანზორ კავაზაშვილი; ვეტერანი ფეხბურთელი აფხაზეთიდან გიორგი სიჭინავა და სხვები.
არგენტინის რესპუბლიკის პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, ჩვენი თქვენდამი თხოვნა - დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარება თქვენი პატრონაჟის თაობაზე. აგრეთვე, ჩვენსა და საქართველოს ექს-პრემიერ მინისტრ ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს შორის შემდგარი შეხვედრის შესახებ, როცა მან თავის მხრივ დახმარება აღგვითქვა პროექტის განხორციელებაზე.
საყურადღებოა, რომ ა.წ. 10 მარტს არგენტინის რესპუბლიკის პრეზიდენტის გენერალურ სამდივნოდან მივიღეთ ინფორმაცია, საიდანაც გვატყობინებენ, რომ არგენტინის პრეზიდენტის, ბატონ მაურისიო მაკრის სახელზე გაგზავნილი „არგენტინის სახლი საქართველოში" წერილი, რომლითაც ვთხოვდით. ა.წ. აგვისტოში დაგეგმილ, საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგების განვითარების, ერთობლივი საწარმოების შექმნისა და კულტურულ-სპორტული და ტურისტული ურთიერთთანამშრომლობის ღონისძიებების განხორციელებაში ჩაერთოთ სამთავრობო და კერძო სტრუქტურები - მათ გვაცნობეს. რომ დააკმაყოფილეს ჩვენი თხოვნა და წერილი თანდართული ასლებით გადაეგზავნა არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაცნობისა და შეფასებისათვის.
ბატონო პრემიერ-მინისტრო, რამდენადაც პროექტი სახელმწიფო მნიშვნელობისაა და მსგავს ღონისძიებებში, არგენტინის მხრივ, მონაწილეობას იღებენ ხელისუფლების მაღალი დონის წარმომადგენლები, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტი (მაგალითად, ა.წ. 23 თებერვალს ქ. მადრიდში არგენტინის კომერციულ ფორუმს სტუმრობდა მისი აღმატებულება ბატონი მაურისიო მაკრი). აღნიშნულის გათვალისწინებით გთხოვთ, საერთაშორისო დონის პროექტის განხორციელების საკითხი აიყვანოთ პირად კონტოლზე და იგი განხორციელდეს თქვენი პატრონაჟით.
აღნიშნულთან დაკავშირებით გთხოვთ, დაავალოთ ფინანსთა სამინისტროს ჩვენი მონაწილეობით განიხილონ ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვა და მოგვცენ თავისი გადაწყვეტილება, რათა საორგანიზაციო ჯგუფი შეუდგეს მუშაობას პროექტის რეალიზებაზე. ღონისძიებების განხორციელებას ვგეგმავთ ა.წ. აგვისტოს თვეში. ხოლო, პროექტის პრეზენტაციას - მარტის ბოლოს ან აპრილის დასწყისში", - აცხადებს პატარქალიშვილი.