ავტორი ნინო ჯიბუტი
ფილმში ღუდუ ჩიჩუა - „პირველი მერცხლის" ყველაზე პატარა მონაწილე, მსახიობი მიხეილ კინწურაშვილი „რეპორტიორთან" იხსენებს, როგორი იყო ნანა მჭედლიძე გადასაღებ მოედანზე.
„ჩემი შემოქმედებითი კარიერა ადრეულ ასაკშივე გენიალურ რეჟისორთან შეხვედრით დაიწყო - ნანა მჭედლიძე და მისი ფილმი „პირველი მერცხალი". ეს იყო გენიალური ფილმი, პოეზიით, რომანტიზმითა და სიყვარულით სავსე. ჩემი აზრით, რეჟისორმა ერთდროულად 11 მთავარი მოქმედი პირის ცხოვრება და ბიოგრაფია გადმოსცა. ეს იყო ფილმი ოპტიმიზმზე, სიცოცხლისადმი სიყვარულსა და სიკეთეზე.
სამსახიობო ჯგუფი ძირითადად მამაკაცებისაგან შედგებოდა და რეჟისორი საოცრად ახერხებდა, აეწყო მიზანსცენები და ჩვენთვის სწორად აეხსნა ამოცანა. ის პროფესიონალ ფეხბურთელზე უკეთესად ხსნიდა, თუ როგორ უნდა გაგეთამაშებინა ესა თუ ის სცენა ფეხბურთის თამაშისას. მიუხედავად იმისა, რომ ქალის მიერაა გადაღებული, ფილმი საოცრად მამაკაცურია. ნანა მჭედლიძე თბილი, მოსიყვარულე ქალბატონი იყო. ამა თუ იმ მიზეზის გამო, როცა გადაღების დღე არ იყო, სასტუმროს კიბეებზე მსახიობებთან ერთად იჯდა და საინტერესო ამბებს გვიყვებოდა, ჩვენც დიდი ინტერესით ვუსმენდით.
ალბათ, გახსოვთ სცენა, როდესაც ვკითხულობთ გაზეთ „ივერიას", სადაც წერია „პირველი მერცხლის" წარმატების შესახებ და ჩამოთვლილია ყველა ფეხბურთელის სახელი და გვარი. მოგეხსენებათ, გამომცემელი ილია ჭავჭავაძე იყო, რომელიც დიდი მოვლენა იყო მათთვის. შემდეგ კადრია, როდესაც ღვინო ჭიქებში ისხმება. როდესაც ქალბატონი ნანა ამ კადრს აწყობდა, ყველა განსაკურებით გააფრთხილა, ღვინო ჩემთვის არ დაესხათ, რადგან ყველაზე უმცროსი მოთამაშე ვიყავი. სიმართლე გითხრათ, გარდატეხის ასაკში ვიყავი და მეთაკილა, რადგან მეც ძალიან მინდოდა ღვინის დალევა.
როგორც თავად პროფესიონალურად უდგებოდა ფილმის გადაღებას, იმავეს ითხოვდა მსახიობებისგან - პროფესიონალიზმს. ერთი სიტყვით, მისი გენიალობა იმაში მდგომარეობდა, რომ როდესაც ფილმის გადაღება იწყებოდა, იცოდა, თუ როგორ და რატომ უნდა გადაეღო, რა იყო მთავარი სათქმელი. გონებაში ზედმიწევნით ჰქონდა აწყობილი მთლიანი ფილმი...
დიდი გულსტიკივილით ვუსამძიმრებ მის ახლობლებსა და მთელ ქართველ ხალხს ასეთი გენიალური რეჟისორის დაკარგვას", - აღნიშნავს მსახიობი.