„საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" 5 ახალი კადრი დაიმატა, რომლებიც მანამდე ტელეკომპანია „GDS"-ზე გადაცემა „20:30"-ში მუშაობდნენ. ეს ინფორმაცია „ნეტგაზეთს" ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ დაუდასტურა.
მისი თქმით, დამატებული თანამშრომლები ნიუსრუმის ახალი კონცეფციის ფარგლებში შექმნილ თანამდებობებს დაიკავებენ:
„ჩვენ დღეს 5 თანამშრომელი მივიღეთ: ეკა შონია არის დაგეგმვის რედაქტორი, დანარჩენი 3 არის: ნათია თოიძე, თამუნა კენკიშვილი და მაია ჭუჭულაშვილი. ესენი არიან დღის ახალი ამბებისა და დაგეგმვის რედაქტორები. ასევე არის ირინა დეკანოიძე, რომელიც ვებ-რედაქტორი იქნება", - აცხადებს გვიმრაძე და ადასტურებს ინფორმაციას, რომ ახალი თანამშრომლები კონკურსის წესით არ მიუღიათ.
„მოლაპარაკებების გზით, მათთან შეხვედრებით... შეგვიძლია ისეც ვქნათ დ ასეც. არ იყო რაიმე ვალდებულება, რომ გინდა თუ არა, კონკურსით მიგვეღო ამ თანამდებობაზე ადამიანები", - აცხადებს გვიმრაძე და დასძენს, რომ მან ზემოხსენებულ ჟურნალისტებს პირველ არხზე მუშაობა, როგორც ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა პირადად შესთავაზა.
„მოტივაცია პირველ რიგში იყო ის, რომ ჩვენ ნიუსრუმში კადრები გვჭირდება, რომელსაც საინფორმაციო საქმიანობის გამოცდილება აქვთ და შემდეგ, ცხადია, ჩვენ მათ მუშაობასთან არანაირი პრეტენზია არ გვქონია, პირიქით. მათ პროფესიონალიზმში ეჭვი არ გვეპარება", - განაცხადა გვიმრაძემ.
გვიმრაძე აქვე აცხადებს, რომ „GDS"-ის სხვა ყოფილ თანამშრომლებთანაც აწარმოებენ მოლაპარაკებებს.
„სხვა ადამიანებთან ახლაც გვაქვს ურთიერთობა, მათ შორის „GDS"-დან, სხვებთანაც, სხვა მედიის წარმომადგენლებთანც გვაქვს, რადგან ჩვენ კადრების დამატების აუცილებლობის წინაშე ვდგავართ ნიუსრუმის ნაწილში, მათ შორის შიგნიდანც იგეგმება ადამიანების გადმოყვანა... თუ ჩვენით ვერ ვნახავთ, შეიძლება, კონკურსებიც გამოვაცხადოთ", - აცხადებს გვიმრაძე.