-
+
3 აპრილი. 2017. 14:52
„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ეროვნული ლიგის რამდენიმე მატჩს ვუყურე ფეხბურთში და უნდა გითხრათ, სასიამოვოდ გაკვირვებული დავრჩი, რადგან აშკარად იგრძნობა პროგრესი, თამაშები სანახობრივია და გუნდებიც მომზადებული. თუკი ჩემპიონატის დონე არ აიწია, არც ეროვნულ ნაკრებს ეშველება, ამიტომ კარგია, რომ სფფ-მ დაიწყო ამ კუთხით აქტიური მუშაობა.
ჩემი აზრით, საჭიროა, მეტი პიარი ჰქონდეს ეროვნულ ჩემპიონატს. კერძოდ:
1. ცნობადი სახეების ვიდეორგოლების ჩაწერა და ტელევიზიებში გაშვება, სადაც ისინი ფეხბურთის სიყვარულზე ისუბრებენ და გულშემატკივარს მოუწოდებენ თამაშებზე სიარულისკენ.
2, ქალაქებში და განსაკუთრებით თბილისში შესაბამისი ბანერების განთავსება, სადაც კონკრეტული თამაშების აფიშები იქნება განთავსებული.
3, განათლების სამინისტროსთან ხელშეკრულებების გაფორმება, რომელშიც ასახული უნდა იყოს ის, რომ სკოლებში სპორტის საათისას მეტი დრო დაეთმოს ფეხბურთს და სკოლის მოსწავლეებმა გარკვეული ქვოტით უფასოდ იარონ ფეხბურთის მატჩებზე.
4. ეროვნული ლიგის გუნდებისთვის სპეციალური დავალებების მიცემა სფფ-ს მხრიდან, რათა ყველა გუნდს ჰყავდეს ფან კლუბი, რომელიც იმავდროულად ხელშეწყობილი და წახალისებული იქნება კლუბებისგან.
5. სფფ-მ ყოველდღიური მუშაობა გასწიოს კლუბებში კერძო ინვესტორების შესასვლელად, რათა ფეხბურთელების პირობებიც გაუმჯობესდეს და გუნდების ეკეონომიკური მდგომარეობაც. წარმატებული ქართველი ფეხბურთელები არ უნდა მიდიოდნენ ყაზახეთის, ალბანეთის, მაკედონიის, აზერბაიჯანის და სომხეთის ჩემპიონატებში სათამაშოდ, რადგან იქ ისინი მხოლოდ ფინანსურ პირობებს იუმჯობესებენ, თორემ გამოცდილების კუთხით ვერაფერს იძენენ.
და ბოლოს, მოგიწოდებთ ყველას, იარეთ ეროვნული ლიგის თამაშებზე, ამით თქვენ აძლიერებთ ქართულ ფეხბურთს. მაყურებლის გარეშე ფეხბურთი ვერ განვითარდება. უმაყურებლო თამაშები ეს ტრაგედიაა თავად ფეხბურთელებისთვის. წარმოიდგინეთ, თეატრის, ოპერის ან ბალეტის სპექტაკლებზე მაყურებელი რომ არ მივიდეს, ეს ხომ ტრაგედია იქნება თავად შემსრულებლებისთვის და კონკრეტული დარგის მესვეურთათვის. ასე რომ, ჩემო მეგობრებო, იარეთ ფეხბურთზე!!!" - წერს მჟავანაძე.