„საერთოდ, გარე ვაჭრობის აკრძალვა შეიძლება არ იყოს სწორი და მართებული, თუმცა, კანონისა და სამართლიანობის პრინციპით მოქცევა აუცილებელია", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა ხუციშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და გარევაჭრობის აკრძალვას გამოეხმაურა. როგორც ხუციშვილი აღნიშნავს, არ არის სწორი, როდესაც მოვაჭრეები არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფებიან.
„ცენტრალური ვაგზლების გარშემო, ევროპულ დიდ ქვეყნებშიც არის მსგავსი დახლები, საერთოდ, ვფიქრობ, რომ შეიძლება მოიძებნოს ისეთი ფორმა და გარკვეული ადგილები, სადაც თუნდაც ტროტუარის ზომა იძლევა საშუალებას, მაღაზიის წინ სავაჭრო დახლი გაიმართოს. თუმცა, როცა ერთი ადამიანი სავაჭრო ფართში ვაჭრობს, ხოლო მისი ვიტრინის წინ ვიღაცას კერძოდ აქვს დაწყობილი პროდუქტი და ის არც გადასახადს იხდის, ორივე მათგანი არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფება. თუკი გარე მოვაჭრეებს აქვთ თავიანთი პრეტენზია და უფლება, ნურც იმათ დავუკარგავთ უფლებებს, ვინც საგადასახადო სისტემაშია მოქცეული და პატიოსნად ვაჭრობს და შრომობს.
საერთოდ გარევაჭრობის აკრძალვა შეიძლება არ იყოს სწორი და მართებული, თუმცა, კანონისა და სამართლიანობის პრინციპით მოქცევა აუცილებელია. არ შეიძლება, ადამიანები სხვადასხვა პირობებში იყვნენ ჩაყენებულნი. ძალიან კარგად გვესმის გაჭირვებული ადამიანების მდგომარეობა, თუმცა, თბილისს ბაზრობად ვერ გადავაქცევთ. თავის დროზე ხუჭავდნენ ამაზე თვალს. ალბათ, თავიდანვე ჯობია პრევენციული ზომების მიღება, თუმცა, ვიქონიოთ იმედი, რომ გამოინახება შესაბამისი ადგილები, სადაც მოვაჭრეები შეძლებენ ვაჭრობას", - აცხადებს ხუციშვილი.