შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი 2016 წლის დანაშაულის სტატისტიკურ რაოდენობაზე საუბრობს. „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ხუციშვილმა აღნიშნა, რომ 2015 წლის მონაცემებთან შედარებით დანაშაულის რაოდენობა 2,5% -ით არის მომატებული, თუმცა მთლიანად დანაშაულის კლების ტენდენცია, რომელიც 2008 წლიდან დაიწყო, შენარჩუნებულია.
„2015 წელთან შედარებით 2,5%- ით არის მომატებული რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა, თუმცა მთლიანად დანაშაულის კლების ტენდენცია, რომელიც 2008 წლიდან დაიწყო, შენარჩუნებულია. საინტერესოა ისიც, რა სახის დანაშაულმა მოიმატა და რატომ, ან რომელი დანაშაული შემცირდა. ჩვენ დაინტერესებული ვართ, გამომჟღავნდეს ლატენტური (დაფარული) დანაშაული. ასეთია ოჯახში ძალადობა, კიბერდანაშაული, რაზეც საზოგადოებამ ცოტა რამ იცის. ჩვენი მიზანი იყო, ეს ფაქტები გამოვლენილიყო და მათზე რეაგირება მოგვეხდინა.
წინა წლებთან შედარებით გაათმაგებულია ოჯახში ძალადობის ფაქტების შემაკავებელი ორდენების რაოდენობა. თუმცა, ვფიქრობთ, ეს საკმარისი არ არის. პოლიციას სჭირდება მეტი მომზადება პრევენციისთვის. როდესაც ოჯახში პრობლემაა, პოლიციელის ერთხელ მისვლაც კი საკმარისი უნდა იყოს, რომ ოჯახური კონფლიქტი ძალადობაში არ გადაიზარდოს...
რაც შეეხება ქურდობას, ეს მაჩვენებელი გაზრდილია და ჩვენ უკმაყოფილო ვართ ვითარებით. ეკონომიკური დანაშაულების მხრივ - როგორიც არის ძარცვა, ყაჩაღობა, ხულიგნობა - ვითარება გაუმჯობესებულია", - აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.