„IRI-ის კვლევა გახლავთ წმინდა წყლის პოლიტიკური ლობიზმი", - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „რეპორტიორს" განუცხადა და IRI-ის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, გიორგი მარგველაშვილს გამოკითხულთა 67% ენდობა, სერგეენკოს - 65%, კვირიკაშვილს - 55%, ხოლო დავით ბაქრაძეს - 50%.
როგორც ხაინდრავა აღნიშნავს, IRI-ის კვლევები სიცრუის გარდა, სხვა არაფერს გამოხატავს.
„კვლევის ცალკეული ელემენტების გარკვევა, საერთო ჯამში, არა მგონია, საინტერესო იყოს. ეს კვლევა არის წარსულის აჩრდილი, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის აჩრდილი, რომელიც მთელ მსოფლიოში დაიმსხვრა. ამ ყველაფერმა განაპირობა მწვავე დაპირისპირება აშშ-ში ახალ ადმინისტრაციასა და ფსევდოლიბერალურ ძალებს შორის, ამან უამრავი სირთულე მოუტანა როგორც აშშ-ს, ისე მთელ მსოფლიოს, ვგულისხმობ იმ სიცრუის მანქანას, რომელსაც დღეს IRI-ის კვლევა წარმოადგენს. იმედია, მთელ ქართველ საზოგადოებას ესმის, რომ ეს პოლიტიკური ლობიზმის გუშინდელი დღეა, რომელსაც ამერიკაში ბოლო მოეღო და მალე აქაც მოეღება ბოლო, რადგან ეს ტალღა ნელ-ნელა მთელ მსოფლიოში მოედინება. ეს გახლავთ წმინდა წყლის პოლიტიკური ლობიზმი, ესაა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა, ჩარევა სიცრუით, სიყალბით, ჩარევა პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, რადგანაც ყველას კარგად ესმის, რომ ის ნამსხვრევები, რომელიც „ნაციონალური მოძრაობიდან" დღემდე დარჩა, IRI-ის გარდა არავინ იცის, არავინ იცის, თუ ვინ არის „ნაციონალური მოძრაობა". თუ IRI ფიქრობს, რომ წიკლაურს 25%-იანი მხარდაჭერა აქვს საქართველოში, მაშინ მათი საქმე ძალიან ცუდად არის და ხელფასს ამერიკის გადამხდელები მათ ტყუილად უხდიან, რადგან წიკლაურს საქართველოში მხარდაჭერა არა აქვს. რას ნიშნავს "ევროპული საქართველო", ეს ჯერჯერობით გაუგებარია, რადგან მას 2-3 კაცი წარმოადგენს. ამიტომ ეს სიცრუე, ახალი სიცრუის პარტია, რომელიც IRI-იმ შემოგვთავაზა ქართველ საზოგადოებას, მხოლოდ და მხოლოდ არყევს ამ ინსტიტუტის იმიჯს საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით IRI სერიოზული ორგანიზაციაა, ქართული ფილიალი სიცრუესა და პოლიტიკურ ლობიზმში გაება. ისინი დღეს და ღამეს ვეღარ არჩევენ ერთმანეთისგან, პოლიტიკური ელემენტები ერევათ ამ ქვეყანაში და მიეჩვივნენ ქართველი საზოგადოების მოტყუებას. ამას აკეთებდნენ მათი პოლიტიკური პარტნიორებიც, ამ შემთხვევაში, ბოლშევიკური და მენშევიკური ფრთის, კომუნისტური პარტიის ნარჩენები, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა" ერქვა.
რა ვქნათ ახლა, თუ უნდათ იცრუონ, მაგრამ ამით მხოლოდ თავის ორგანიზაციას ვნებენ, ვნებენ ამერიკას. ჩვენ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ მნიშვნელოვანი პარტნიორები აღმოვჩნდით აშშ-სთვის, რადგან საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც გაიღო სიცოცხლე მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების დასაცავად. საქართველომ საკუთარი შვილების სიცოცხლე გაიღო ამისთვის. IRI-ის თაღლითებს უნდა ესმოდეთ და აფასებდნენ ქართველი ჯარისკაცების მიერ გაღებულ სიცოცხლეს.
IRI ატყუებს საკუთარ თანამოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებთან ერთად იცავენ აშშ-ის მშვიდობას და უსაფრთხოებას ცხელ წერტილებში. მათ უნდა რცხვენოდეთ, რადგან საზოგადოებას ნაცარს აყრიან თვალებში. ისინი პოლიტიკური ლობიზმითა და კორუფციით არიან დაკავებულები, პოლიტიკური კორუფციონერები არიან", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.