„ესაა პრეზიდენტის ტრადიციული მიმართვა. ჩვენ უფრო მეტად მოველოდით მეტ კონკრეტიკას, დეტალიზაციასა და ობიექტურობას რაღაც საკითხებში", - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ „საზოგადოებრივ მაუწყებელს" განუცხადა და პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება შეაფასა.
როგორც ჯეჯელავა აღნიშნავს, მმართველ გუნდს ჰქონდა მოლოდინი, რომ პრეზიდენტის გამოსვლა უფრო ობიექტური იქნებოდა.
„ქვეყნის პირველი პირისგან იმის თქმა, რომ სასამართლოში კრიზისია, სრულიად გაუმართლებელია. ეკონომიკური პროგრესისა და თითოეული ოჯახისთვის ამ პროგრესის მნიშვნელობის მინიმიზაცია და არაღნიშვნა, ასევე, გაუმართლებელია.
ბევრი მიმართულებით, მაგალითად, საზოგადოების გაერთიანების, სასამართლოს რეფორმის, ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების მიმართულებით არსებულ პროგრესს, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციების ყველა რეიტინგი, ანგარიში და შეფასება ადასტურებს, პრეზინდეტი არასაკმარისად შეეხო. ჩვენი მეტ ობიექტურობას მოველოდით და მთლიანობაში მეტი კონკრეტიკის იმედი გქვონდა", - აცხადებს ჯეჯელავა.
ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა დაპირისპირება პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის, ჯეჯელავა პასუხობს, რომ მსგავსი რამ სიმართლეს არ შეესაბამება და ეს პრეზიდენტმა საკუთარ მოხსენებაშიც დაამტკიცა.
„არ ვფიქრობ რომ მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირებაა, პრეზიდენტის მხრიდანაც ხაზი გაესვა, რომ აფასებს დადებით მხარეებსა და შედეგებს. მაგალითად, პრეზიდენტის მხრიდან იყო აღნიშნული ეკონომიკური ზრდის ძალიან კარგი შედეგები, საგარეო პოლიტიკურ კონტექსტში ევროინტეგრაციისა და სხვა მიმართულებით არსებული პროგრესი, შესაბამისად, მე ამას დაპირისპირებას არ დავარქმევდი", - განაცხადა ჯეჯელავამ.