საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტის გამოსვლაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილის კრიტიკა დაუმსახურებელი იყო. გოგიჩაიშვილმა პრეზიდენტს მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ მარგველაშვილი გაიხსენებს იმ იდეალებს, რომლებსაც თავის დროზე საქართველოს მოსახლეობას უზიარებდა.
„ჩვენ მოვისმინეთ გამოსვლა გამოსვლისთვის, კრიტიკა კრიტიკისთვის და მინდა გითხრათ, ბატონო პრეზიდენტო, რომ უფრო მეტს ველოდი. უმეტესი პრობლემები, რაც თქვენ წამოჭერით, ან ჩვენი გუნდის მიერ არის გადაჭრილი, ან არის გადაჭრის პროცესში. მისასალმებელია პრეზიდენტის შეგონება ქვეყნის წინაშე მყოფ გამოწვევებზე, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გუნდს გააჩნია ამ გამოწვევების გადაჭრის კონკრეტული გეგმები და ხედვები, რომელიც ჩვენ თქვენს გამოსვლაში ვერ დავინახეთ.
არასდროს პარლამენტთან ურთერთობაში ან საჯარო განცხადებაში თქვენ არ შემოგითავაზებიათ ჩვენთვის რამე კონკრეტული. უფრო მეტიც, თქვენ ხელიდან გაუშვით ის ისტორიული შანსი, ჩვენთან ერთად და იმ ადამიანებთან ერთად, რომელთაც ხალხმა მიანიჭა საკონსტიტუციო უმრავლესობა, გამოგვესწორებინა საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც გაუძლებდა თაობებს.
ჩვენ ვერ დავინახეთ კომპეტენცია ვერც თქვენს კრიტიკაში და ვერც თქვენს პოზიტიურ განცხადებებში. სამაგიეროდ, ჩვენ მოვისმინეთ სახიფათო განცხადებები სასამართლო სისტემის კრიზისთან დაკავშირებით, რომელიც, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება ობიექტურ რეალობას. უფრო მეტიც, ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ ეს სისტემა გამოგვეყვანა კრიზისიდან, რომელშიც ჩააგდეს.
ჩვენ მოვისმინეთ დაუმსახურებელი კრიტიკა ადამიანების უფლებების მდგომარეობაზე, იმ რეფორმებზე, რაც ამ მიმართულებით გატარდა და რაც გამოარჩევს ამ ხელისუფლებას და ქვეყანას არა მარტო რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაშიც. სახიფათოა, როდესაც თქვენ, ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებთ ქვეყნის უსაფრთხოებას და არ ენდობით ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურს. ეს არის სახიფათო ტენდენცია პრეზიდენტის მხრიდან. სამწუხაროდ, თქვენ არ აღმოჩნდით იმ ადამიანების გვერდით, რომლებსაც თქვენმა წინამორბედმა წაართვა კერძო საკუთრება და თქვენ, როგორც კონსტიტუციური უფლებების გარანტი, არ აღმოჩნდით იმ ადამიანების გვერდით, როდესაც ეს ადამიანები თქვენ გთხოვდნენ მხარდაჭერას და სამწუხაროდ, არჩიეთ „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური თამაში. და ბოლოს, ბატონო პრეზიდენტო, მიუხედავად იმ ემოციური ფონისა, მიუხედავად ყველაფრისა, რაც აქ ითქვა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თქვენი მოღვაწეობის დარჩენილ დროში გაითვალისწინებთ და გაიხსენებთ იმ იდეალებს, რა იდეალებითაც თქვენ ამ ადამიანებთან ერთად დადიოდით სოფელ-სოფელ და ამ იდეალებს უზიარებდით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.