მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს:
„1989 წლის 9 აპრილი, თითქოს გუშინ იყო ეს დღე, არადა რამდენი წელი გასულა. მახსენდება უნივეტსიტეტის კიბეები, სტუდენტური აქცია, რომელსაც ვხელმძღვანელობდი. 8 აპრილს საღამოს ზვიადმა კაცი გამოაგზავნა და გვთხოვა, მთავრობის სახლთან გადავსულიყავით. უნივერსიტეტიდან დავიძარით, ბევრნი ვიყავით. მთავრობის სახლს რომ მივუახლოვდით, ტრიბუნიდან ვიღაცამ გამოაცხადა - უნივერსიტეტის სტუდენტები შემოგვიერთდნენო. ასეთი ოვაცია ცხოვრებაში არ მინახავს, მახსოვს სიხარულის ცრემლიანი თვალები. უცხო ხალხი გვკოცნიდა, გვეხვეოდა, გვლოცავდა. ისეთი აღტკინება ვიგრძენი, რომ ცხრათავიან გველეშაპს შევებრძოლებოდი უიარაღოდ. მერაბმა ტრიბუნასთან მიმიხმო. ტრიბუნაზე ავედი. მერაბმა გულში ჩამიკრა. ეს რამდენი ხალხი წამოგიყვანია!!! ეს უკვე ზვიადი იყო. გია ჭანტურიამ მიკროფონი შემაჩეჩა, დავიბენი, ამდენ ხალხთან სიტყვა არასოდეს მითქვამს. ზვიადი მიხვდა, რომ დავიბენი და მითხრა - სანდრო თქვი რასაც ფიქრობ!!! დავიწყე ლაპარაკი. ერთი სიტყვაც არ მახსოვს რა ვილაპარაკე, ერთადერთი ტაში მახსოვს. რუსთაველის კინოსთან გავმაგრდით... გამთენიისას ჯარისკაცები გამოჩნდნენ. პირველად მაშინ დავინახე მოკლე ავტომატი. წინ ბრონირებული მანქანები წამოვიდნენ. პირველი დარტყმა ჩვენ მივიღეთ, რადგან რუსთაველის კინოსთან ვიყავით. დარბევა დაიწყო. ვიღაც ღვთისნიერმა კინოს კარი გააღო და შიგნით შევცვივდით. ცოტა ხანში ფურცელაძის ქუჩაზე აღმოვჩნდით. მამაჩემი და ჩემი დეიდაშვილი გია დავკარგე. ერთადერთი დედაჩემი ჩამფრენოდა ხელებში, რადგან საჩხუბრად ვიწევდი. დედაჩემი მოვიცილე და ჯარისკაცებისკენ გავვარდი, ამ დროს რაღაც აფეთქდა და დავინახე მომწამვლელი გაზის ბოლში გახვეული დედა. დედა ძლიერ მოიწამლა... დილით გავიგეთ, რომ ხალხი დაიხოცა... 1989 წლის 9 აპრილს, არავინ ვიცოდით, თუ რამდენი გამარჯვება და უბედურება გველოდა წინ, თუმცა ერთი წამითაც არ ვნანობ, რომ იქ ვიყავი, რადგან იქ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოიჭედა!!! დიდება გმირებს!!! გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!!! ჩვენთან არს ღმერთი!!!
P.S.კიდევ იცით რა მახსოვს? 9 აპრილიდან რამდენიმე დღეში იპოდრომზე აღმოვჩნდი, სადაც გოგოს გულისთვის ორი მტრად მოკიდებული უბანი შევხვდით ერთმანეთს და იცით რა მოხდა? ჩხუბის მაგივრად ყველამ დანები, დუბინკები, კასტეტები დაყარა და ერთმანეთს გადაეხვია. ეს იყო ნამდვილი საქართველო!!!" - წერს სანდრო ბრეგაძე.