ოთხშაბათს, გადაცემა „პრიორიტეტში" კულტურის სფეროს ზოგიერთმა წარმომადგენელმა კულტურის სამინისტროს ბრალდებები წაუყენა. ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ სამინისტროს მხრიდან სფეროს მიმართ უყურადღებობის გამო. მსახიობმა ბესო ზანგურმა განაცხადა, რომ თითქმის ყველა თეატრს მოაკლეს ბიუჯეტი;რომ სავალალო მდგომარეობაა რეგიონულ თეატრებში (მისი თქმით,ერთადერთი თვალსაჩინო თეატრია თელავის თეატრი, დანარჩენ არცერთ რეგიონულ თეატრში არ შეისვლება).გადაცემაში წამოყენებულ ბრალდებებს კულტურის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ გაზეთ „Primetime"-ში უპასუხა.
„ზოგადად ფული რომ საკმარისი არ არის, ეს ახალი არაა... ჩვენ სისტემაში შემავალი ყველა სსიპ-ის ბიუჯეტი 10%-ით შემცირდა, თუმცა ეს ხდება ოპტიმიზაციის იმ ხარჯზე,რომელსაც აირჩევდა ხელმძღვანელი - ადმინისტრაციული ხარჯის თუ რაიმე სხვა ხარჯის შემცირებაზე. არავითარი მითითება, რომ მსახიობებისთვის მოეჭრათ ხელფასი, არ ყოფილა და ეს არის ტყუილი. ვერ დავეთანხმები ვერც იმაში, რომ თეატრები ნაკლები ყურადღებით არიან სამინისტროს მხრიდან - არამხოლოდ თეატრები, ზოგადად, სსიპ-ები, რომლებიც არსებობენ კულტურის სამინისტროს სისტემაში - რას აკეთებენ თავად იმისთვის, რომ ალტერნატიული დაფინანსების წყაროები მოიძიონ და არ იყვნენ მხოლოდ ბიუჯეტზე, სახელმწიფოს ბიუჯეტზე? შეგახსენებთ, რომ სსიპ - საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქმნება იმისთვის, რომ ორიენტირებული იყოს საკუთარი შემოსავლების გაზრდაზე. მარჯანიშვილის თეატრის გარდა, არცერთ თეატრს არ გამოუყენებია შესაძლებლობა, რომელიც სამინისტრომ გაუჩინა კულტურის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს - მილიონ-ნახევარ ევროზე ხელმისაწვდომობა, სხვა არცერთ თეატრს არც კი უცდია ამ პროგრამის გამოყენება" , - აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.