ავტორი სალომე უერთაშვილი
პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „რეპორტიორთან" საუბრისას პრეზიდენტის არჩევის წესზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტს ბევრად მეტი უფლება ექნება, მაშინ ის ხალხმა უნდა აირჩიოს.
„პრეზიდენტის არჩევის წესი გახდა თემა, რომელიც, წესით, თემა არ უნდა გამხარიყო, მით უმეტეს ოპოზიციამაც აიტაცა ეს საკითხი. იცით, რა მაინტერესებს, ბიძინა ივანიშვილსა და პრეზიდენტ მარგველაშვილს შორის ის ურთიერთობა რომ იყოს, რითაც დაიწყო, რა განწყობილებითაც წარადგინა ივანიშვილმა მარგველაშვილი, ოპოზიცია ისევ მოითხოვდა, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი საყოველთაო იყოს?
კი ბატონო, გადავიდეთ საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე, მე ამის მომხრე ვარ, მთელი აღმასრულებელი ძალაუფლება მივცეთ პრეზიდენტს და ამ დროს, პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, ხალხმა უნდა აირჩიოს. თუმცა, ახლა ვეტოს დადების გარდა მას არანაირი უფლება არ აქვს და რატომ უნდა აირჩიოს ხალხმა, რატომ უნდა დაიხარჯოს ამდენი თანხა? წარმოიდგინეთ, ეს კანდიდატები ხალხისთვის პირობების მიცემას დაიწყებენ და საინტერესოა, რას უნდა შეჰპირდნენ. ტელეფონის გადადების უფლება არ აქვს პრეზიდენტს. პრეზიდენტობის კანდიდატები ალბათ ერთმანეთს ვეტოს რაოდენობაში შეეჯიბრებიან, ერთი იტყვის, მე დავადებ სამ ვეტოს, მეორე იტყვის - ხუთს, აი, ამ ფონზე პრეზიდენტის არჩევა, მგონი, ძალიან სახალისო იქნება", - აცხადებს საყვარელიძე.