ავტორი სალომე უერთაშვილი
„საქართველოს მხრიდან საყვედური არაფერზე გვეთქმის, თურქეთი ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში ძალიან მეგობრული ქვეყანაა", - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „რეპორტიორთან" განაცხადა და თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შესახებ ისაუბრა.
„რაც დრო გადის, თურქეთი ძალიან სერიოზული თემა ხდება. ეს რეფერენდუმის შედეგიც რგოლი იყო იმ პროცესისა, რომელიც თურქეთში მიმდინარეობს. მინდა გითხრათ, რომ მეტ ყურადღებას იმსახურებს 49%, ვიდრე 51%. ის, რომ ამდენმა ხალხმა, ამდენი დაჭერის, სამსახურიდან გათავისუფლებისა და რეპრესიების მიუხედავად მაინც უარი გამოუცხადა იმას, რაც ერდოღანს უნდოდა, თავისთავად ძალზე საყურადღებო რამ არის.
საქართველოს მხრიდან საყვედური არაფერზე გვეთქმის, თურქეთი ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში ძალიან მეგობრული ქვეყანაა, მაგრამ რამდენიმეჯერ ჩვენს მიმართ ტერიტორიული პრეტენზიების გაჟღერება გვაიძულებს, რომ ვიყოთ უფრო დაძაბულები და მეტი ყურადღებით ვადევნოთ თვალი თურქეთის პროცესებს.
ვიმეორებ, რომ ამ 49%-ის არსებობამ შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს პროცესების შემდგომ განვითარებაში", - ამბობს საყვარელიძე.