„სასახლეში ძალიან ბევრი სიახლეა და მათ შორის მთავარი ისაა, რომ ჩვენი თანამშრომლების დასტანდარტება მიმდინარეობს", - ამის შესახებ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი თიკა რუხაძე საუბრობს. მისი თქმით, თანამშრომელთა გადამზადება მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის განვითარებას წაადგება.
„წლის დასაწყისში დავიწყეთ სამუშაო აღწერილობები და საკადრო კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მომზადება, რაშიც მთელი კოლექტივი ჩართულია. პროცესი ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობს. გადამზადების მოთხოვნა სწორედ განყოფილებების ხელმძღვანელებიდან წამოვიდა. მათ ეს სჭირდებათ და მზად არიან გადამზადებისათვის.
თავდაპირველად, დაგეგმილი იყო, რომ გადამზადება ივნისში მოხდებოდა, თუმცა თავად პედაგოგებმა შემოგვთავაზეს, რომ შეგვეცვალა ჩატარების დრო, რადგან მოსწავლეებს სწორედ ამ თვეში უწევთ ხოლმე CAT-ის და ეროვნული გამოცდებისთვის მზადება. შესაბამისად, ბავშვები ვერ შეძლებდნენ ამ აქტივობებში ჩართვას, მათი ჩართულობა კი მნიშვნელოვანია. გადამზადებები აპრილი-მაისის თვეში ეტაპობრივად ჩატარდება", - განაცხადა თიკა რუხაძემ.