ავტორი სალომე უერთაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე ისაუბრა და ყურადღება პრეზიდენტის არჩევის წესზე გაამახვილა.
როგორც კოპალიანი აღნიშნავს, არჩევნები დაახლოებით 40-45 მილიონი ჯდება, ამიტომ უკეთესი იქნება თუ ეს თანხა სოციალურად დაუცველ მოსახლეობას მოხმარდება.
„პრეზიდენტის არჩევის წესზე კაცმა რა უნდა ილაპარაკოს. საბედნიეროდ, ჩვენ, „ქართული ოცნება" დაკავებული ვართ იმით, რომ ქვეყანას უკეთესი დემოკრატიული კონცეფცია მივცეთ და მოქალაქეებს უკეთესი ცხოვრების პირობები შევუქმნათ და არა იმით, რომ გვქონდეს მრავაფეროვანი სექსუალური ცხოვრება. ერთ შემთხვევაში, უმაღლეს ხელისუფლას მიაჩნია, რომ ქონების ხელყოფა დანაშაული არ არის, რადგან მთავარია თავისუფალ სიტყვას არ შეექმნას საფრთხე, ახლა მე მარგველაშვილის გამონათქვამებს გახსენებთ „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით.
კიდევ ერთხელ ვამბობ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, 2023 წელზეა საუბარი. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ სახალხო არჩევნების უკან საკმაოდ დიდი თანხებია. 40-45 მილიონი ჯდება არჩევნების ჩატარება ჩვენს ქვეყანაში და სამწუხაროდ, ჩვენ საკმაოდ ბევრი სოციალურად დაუცველი გვყავს, ასევე ქუჩაში ხელგამოწვდილი ბავშვები არიან, ამიტომ უფრო უპრიანი იქნებოდა ეს ფული ამ ადამიანებს მოხმარდეს.
ახლა ატეხეს ქარიშხალი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს რაღაც იზღუდება, თითქოს ხალხს გამოხატვის თავისუფლებას ვართმევთ. ამას ლაპარაკობენ ხალხის სახელით და თან ის ადამიანები, რომელთაც არ აქვთ ამის უფლება, ასეთები არიან წინა ხელისუფლების და მისგან წარმოშობილი მრავალი სექტისა თუ პარტიის წარმომადგენლები. ბოკერია, სააკაშვილი და მათნაირები ჩემი ხალხის სახელით არ უნდა მელაპარაკონ, რადგან 2012 წელს მათ ხალხმა განაჩენი გამოუტანა, დამთავრდა მათი ხალხის სახელით მანიპულირების თემა. ჯობია იმ ხალხს მოვუსმინოთ, ვინც გვეუბნებდა სიმართლეს, ჩვენ სწორედ ამათ უნდა მოვუსმინოთ და არა იმათ, ვინც ხალხი სიბნელეში და გაჭირვებაში ამყოფა მთელი ათი წელი", - აცხადებს კოპალიანი.