ავტორი სალომე უერთაშვილი
„2010 წელს კონსტიტუციაში 26 შესწორება შეიტანეს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა „რეპორტიორს" განუცხადა და საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა შეაფასა.
როგორც კოპალიანი აღნიშნავს, საკონსტიტუციო კომისიამ ნაყოფიერად იმუშავა და ისეთი პროექტი წარმოადგინა, რომელიც ერთ კონკრეტულ პირზე არ არის მორგებული.
„საკონსტიტუციო კომისიამ ძალიან შემჭიდროვებულ ვადებში იმუშავა. პროექტი კი ინტენსიური და ნაყოფიერი მუშაობის შედეგია. კომისიაში ყველა დაინტერესებული პოლიტიკური ძალა და არასამთავრობო ორგანიზაციაა გაწევრიანებული. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, მაინც მოხერხდა შესაბამისი ვარიანტის შეჯერება, რომელიც საერთო სახალხო განხილვისათვის გამოვა და წარედგინება პარლამენტს.
მოგეხსენებათ, მმართველი ძალა არის საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსული ხელისუფლებაში და დადო ისეთი ვარიანტი, რომელიც არ ემსახურება მხოლოდ მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამას უნდა გაესვას ხაზი.
მავანს შეიძლება აღნიშნულის არ სჯეროდეს. ისინი რაღაც თითიდან გამოწოვილ მიზეზებს ეძებენ, თითქოს ზოგმა ძალამ კონსტიტუცია თავის თავზე მოირგო. თქვენ გახსოვს, 2010 წელი, როდესაც კონსტიტუციაში 26 შესწორება შეიტანეს და მაშინდელმა ხელისუფლებამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ" მართლაც დაჭრა, დაჩეხა, გადააკეთა და ერთ კაცზე მოარგო კონსტიტუცია. მაშინ აქტიური პოლიტიკოსები და ექსპერტები აპროტესტებდნენ მართლაც გასაპროტესტებელ კონსტიტუციას, მაგრამ ახლა მიზეზი ვერ ნახეს და ალბათ გადაწყვიტეს ვინმეს წინაშე ქულები დაიწერონ და ისეთ რაღაცებს იგონებენ, რაც მართლაც სასაცილოა", - ამბობს კოპალიანი.