ავტორი სალომე უერთაშვილი
„დიდგორის ბრძოლა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი იყო", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა „რეპორტიორთან" საუბრისას განაცხადა და 12 აგვისტოს უქმე დღედ გამოცხადებას გამოეხმაურა.
„პირველი მოსმენის დროს იყო ისეთი წინადადება, რომ შეგვეჯერებინა და უფრო კარგად შეგვესწავლა აღნიშნული საკითხი, კენჭი კი ამის შემდეგ გვეყარა. არავის მოთხოვნით არ შეჩერებულა, თუმცა შემიძლია დაგიდასტუროთ ფაქტი, რომ თურქეთის ელჩმა შეშფოთება გამოთქვა და ჩვენი კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობიდან გამომდინარე დააფიქსირა თავისი მოსაზრება. მისი თქმით, უკეთესი იქნებოდა 12 აგვისტო არ ყოფილიყო უქმე დღე და ჩვეულებრივ აღგვენიშნა, ეს იყო და ეს. არავის მოთხოვნით ეს საკითხი არ გაჩერებულა.
მინდა გითხრათ, რომ მე ამ კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი ვარ და ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემს სუბიექტურ აზრს გეტყვით. დიდგორის ბრძოლა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი იყო. ანალოგიური მასშტაბის ბრძოლა მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელია. „ძლევაი საკვირველი" არ გახლავთ ვიწრო რეგიონალური ბრძოლა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ დიდგორის ველზე ბევრი მნიშვნელოვანი საკთხი გადაწყდა. უდიდესი არმია მოდიოდა ჩვენი ქვეყნის გასანადგურებლად, ჩვენი ყოფნა-არყოფნის საკითხი დგებოდა, ისტორიული წყაროებიც ამას ადასტურებს. 50 000 კაცმა უზარმაზი არმია დაამარცხა და ქვეყანა გადარჩა.
მეორე საკითხია აქ კიდევ, თუ კი ჩვენ დავმარცხდებოდით, არავინ იცის, საით შებრუნდებოდა ეს უზარმაზარი არმია, ევროპისაკენ თუ აზიისაკენ. არავინ იცის როგორი კონფიგურაცია გვექნებოდა, როგორ შეიცვლებოდა თუნდაც ევროპის მომავალი. ქართული არმია, იმ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას რომ, ბევრი ქვეყნის მომავალს იცავდა, აი ეს არის სიმართლე!", - აცხადებს კოპალიანი.