ავტორი სალომე უერთაშვილი
„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ შენიშვნის, თხოვნისა თუ მოწოდების მიღება", - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ „რეპორტიორთან" დიდგორის ომის დღის დღესასწაულად გამოცხადებაზე თურქეთის პროტესტის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, თურქეთის საელჩოს მხრიდან მსგავსი მოთხოვნა საქართველოსთვის ერთგვარი გამოცდაა.
„ეს სხვა ქვეყნის საქმეებში ჩარევაა, საქართველოს არც ერთი ხელისუფლება არასდროს მისცემს თავს ამის უფლებას. მაგალითად, საქართველოს ხელისუფლებამ არ შეაფასა მწვავედ ის მოვლენები, რომელიც თურქეთში ივლისში განვითარდა. ასეა თუ ისე, ამისთვის ყურადღების მიქცევა არ შეიძლება. ჩემთვის, თურქეთის ეს გზავნილი არის ერთგვარი გამოცდა - თუ დღეს დათმე, ხვალ უარესს იზამენ.
შეიძლება გამოცხადდეს, შეიძლება არა, ესაა საზოგადოებისა და ხელისუფლების გადასაწყვეტი, შესაძლებელია, ამაზე დისკუსიაც გაიმართოს, თუმცა, ამის საჭიროებას ვერ ვხედავ. დიდგორი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოს ისტორიაში, აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ და ხელისუფლებამ ერთად უნდა გადაწყვიტონ, როგორ აღინიშნოს ეს დღე", - აცხადებს არეშიძე.