logo_geo
eng_logo
დავით ჭიჭინაძე: ყველა დეპუტატი თანაბარი პრინციპით უნდა ირჩეოდეს
- +

29 აპრილი. 2017. 03:29




საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ „რეპორტიორთან" საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის შესახებ ისაუბრა და ის დადებითად შეაფასა.


„კომისიის მუშაობას დადებითად შევაფასებ. საყოველთაო, სახალხო განხილვები ჯერ კიდევ წინ არის. კომისიამ შეიმუშავა ის, რაც მოეთხოვებოდა, მეტ-ნაკლებად გათვალისწინებული იყო ყველას აზრი, შეუძლებელია, კომისიაში ყველა ერთ აზრზე იყოს, შესაბამისად, ასეთი საკითხები ხმათა უმრავლესობით წყდება. პროექტი ფართო საზოგადოებას წარედგინება, განხილვის შედეგად კი მიღებული იქნება სხვადასხვა კორექტივი", - ამბობს ჭიჭინაძე.


მანვე კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზეც ისაუბრა, განსაკუთრებული ყურადღება კი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე და პრეზიდენტის არჩევის წესზე გააკეთა.


„მთავარია პატიოსანი არჩევნები, რომელიც ხალხის ნებას გამოხატავს. რაც შეეხება კონკრეტულად მაჟორიტარულ და პროპორციულ სისტემას, როდესაც ორივე სისტემა ერთობლივადაა, უფრო არასამართლიანია. შეიძლება იყოს ან სრულიად პროპორციული, ან სრულიად მაჟორიტარული სისტემა. ვფიქრობ, რომ ყველა დეპუტატი თანაბარი პრინციპით უნდა ირჩეოდეს.

 

რას შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, ლაპარაკი იყო, თითქოს არსებობდა მარგველაშვილის შიში, ამიტომ 2018 წელს პირდაპირი წესით იქნება პრეზიდენტი არჩეული. ვიცი, რომ მარგველაშვილი ძალიან მაღალი რეიტინგის ადამიანია, მაგრამ სინამდვილეში არჩევნები გამოაჩენს მის რეიტინგსაც და შესაძლებლობებსაც.

 

საერთოდ, პრეზიდენტის პირდაპირ არჩევა გაცილებით მეტი ლეგიტიმაციაა, ვიდრე პარლამენტის მიერ არჩევა. მაგრამ, ის უფლებამოსილებები, რაც დღეს მოქმედი კონსტიტუციით, საყოველთაოდ არჩეულ პრეზიდენტს აქვს, გაცილებით ნაკლებია, ვიდრე დეპუტატისა, ამიტომ, ჯობია, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას, დაიზოგოს დროც, ენერგიაც და ხარჯიც", - აცხადებს ჭიჭინაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner