„სააკაშვილი-კილაძე-გოგაშვილი - ეს ის მოზაიკაა, რომლის აწყობა ამ შემთხვევაში ლოგიკის წყალობით იქნება შესაძლებელი. რა კავშირია ამ სამ პერსონას შორის, ამის გასარკვევად შესაძლოა, ისევ წარსულის ფრაგმენტები გამოვიყენოთ", - ამის შესახებ გამოცემა for.ge წერს.
„თავდაპირველად, როცა სოსო გოგაშვილის სუს-ში დანიშვნის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ელისო კილაძემ ფაქტი კმაყოფილებით შეაფასა სოციალურ ქსელში და გოგაშვილიც დადებითად მოიხსენია (რატომღაც მისი ეს კომენტარი უკვე გამქრალია „ფეისბუქიდან"). რაც შეეხება კილაძის გოგაშვილთან დაპირისპირებას, ამის საფუძვლად სახელდება ის ფაქტი, რომ კილაძეს გოგაშვილთან თანამშრომლობის მცდელობა ჰქონდა, მაგრამ გოგაშვილმა კილაძე ახლოსაც არ გაიკარა. სხვათა შორის, გოგაშვილს ნაცებთან ყველაზე დაპირისპირებულ მაღალჩინოსნად მოიხსენიებენ, რადგან შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გელა ხვედელიძის მიერ ჩანერგილი კადრებისგან უწყება სწორედ გოგაშვილმა გაათავისუფლა და ნაციონალებისა და ხვედელიძის კადრების აღზევების ხანა დაასრულა. ამით ჩავარდა ნაციონალების პროგრამა და მაშინვე აქტიურად დაიწყო შავი პიარის აგორება გოგაშვილის წინააღმდეგ.
დროთა განმავლობაში გოგაშვილთან დაპირისპირების ესტაფეტა კილაძეს ხვდა წილად - კილაძე მისი თუ ნაციონალების ყველა წარუმატებელ ნაბიჯს და თავსდატეხილ უბედურებას გოგაშვილს უკავშირებს. დღეს უკვე სააკაშვილისგან გამიჯნული მისი ყოფილი თანაგუნდელები კილაძის და გოგაშვილის დაპირისპირებას შორიდან, როგორც მოსეირეები ადევნებენ თვალს.
ერთ-ერთი ყოფილი ნაციონალი გვარწმუნებს, რომ ამჟამად გოგაშვილთან დაპირისპირება არ შედის ბოკერიას ინტერესებში. უფრო მეტიც - „რუსთავი 2"-ზე გოგაშვილის მაკომპრომეტირებელი მასალების გასვლას სააკაშვილსა და გვარამიას შორის უთანხმოებაც კი მოჰყვა, თუმცა სააკაშვილმა მაინც შეძლო, თავისი გაეტანა.
რაც შეეხება სააკაშვილის ინტერესს გოგაშვილის მიმართ, ეს, ალბათ, სწორედ ის ინტერესია, რაზეც არჩილ თალაკვაძე მიანიშნებს. ჩვენი წყარო, ყოფილი ნაციონალი, გვარწმუნებს, რომ „სააკაშვილი კილაძესაც ისე გაწირავს, როგორც გივი თარგამაძე გაწირა. გივი გადარჩა, მაგრამ კილაძის შემთხვევაში სააკაშვილი ალბათ, მეტ სიფრთხილეს გამოიჩენს და იმ გვამს დაუდებს საზოგადოებას, რომელსაც „რუსთავი 2"-ის აქციების დროს სთხოვდა გვარამიას, შემდეგ ამას სუს-ს და გოგაშვილს გადააბრალებს და საეჭვოც არაფერი იქნება. როდესაც უცხოური არასამთავრობოები დაინტერესდებიან და იკითხავენ - ვისთან იყო კილაძე დაპირისპირებული, ნახავენ, რომ კილაძე ყველა მის „უბედურებაში" გოგაშვილს ადანაშაულებდა. ასე რომ, „დამნაშავეც" წინასწარ შერჩეული ჰყავს და ახალ სკანდალს ააგორებს. ესაა ავადმყოფი სააკაშვილის ჩანაფიქრი".
თავად ელისო კილაძე კი, ალბათ, პროცესებს სხვაგვარად აფასებს და მოწმეთა დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვაზე უარს აცხადებს.
„არ ვენდობი ხელისუფლებას, არ ვიღებ მის შემოთვაზებას, არ მჭირდება დაცვა და არანაირ პროვოკაციას პარტიების მხრიდან არ ველოდები... თუ რამე საფრთხეა მოსალოდნელი, მოსალოდნელია სწორედ სუს-ისგან იმიტომ, რომ ერთხელ უკვე მსგავსი პროვოკაცია დაიგეგმა და განხორციელდა ჩემი შვილისთვის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების ჩადებით და არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ იგივე გოგაშვილი შეიძლება რამეს გეგმავდეს და თალაკვაძის განცხადება იყოს მხოლოდ პრევენცია, რომ ეს შემდეგ ხელისუფლების და გოგაშვილის მისამართით არ წავიდეს", - აღნიშნა ფორ.გე-სთან საუბრისას ელისო კილაძემ.
როგორც იტყვიან, „შუბი ხალთაში არ დაიმალება", მაგრამ კიდევ ერთი ქართული ანდაზაა: „მგელს მგლობა ერქვა, ტურამ ქვეყანა დააქციაო", - წერს გამოცემა.