„გახსოვთ, ალბათ, კომუნისტების ეპოქაში, 1978 წელს ქართული ენის დასაცავად გაერთიანდა საზოგადოება", - ამის შესახებ ფოტორეპორტიორმა გოგა ჩანადირმა „ასავალ-დასავალს" განუცხადა და რეკლამის შესახებ არსებულ კანონზე ისაუბრა, რომელიც დაწესებულებებს ავალდებულებს, გარე აბრაზე ქართულ, სახელმწიფო ენაზე ჰქონდეთ წარწერა გაკეთებული.
ჩანადირმა საკითხთან დაკავშირებით კამპანია „ქართული აბრა" წამოიწყო და გადაწყვიტა, უარი თქვას იმ დაწესებულებათა მომსახურებაზე, რომლებიც ქართულ ენას პატივს არ სცემენ.
„კამპანიას ჰქვია „ქართული აბრა". კანონი რეკლამის შესახებ ავალდებულებს დაწესებულებებს, გარე აბრებზე ქართულ, სახელმწიფო ენაზე ჰქონდეთ წარწერა გაკეთებული, სულ მცირე, დაცული იყოს თანაბარი ზომისა და ოდენობის პრინციპი. მიუხედავად იმისა, რომ 2 წელია, დავდივარ და ვითხოვ, ქართულად დაწერონ, ბევრ შემთხვევაში შედეგს ვერ მივაღწიე.
არის დაწესებულებები, რომლებიც ვითომ იცავენ კანონს, აქვთ ქართული წარწერები, მაგრამ ზომით ძალიან მცირე და ჩაკარგული.
გადავწყვიტე, არ ვისარგებლო იმ დაწესებულებათა მომსახურებით, არ შევიძინო მათი ნაწარმი, რომლებიც პატივს არ სცემენ სახელმწიფო ენას, კანონს რეკლამის შესახებ - გარე აბრებზე ქართულად არ აწერენ. პროტესტი ეხება ყველა ასეთ მაღაზიას, რესტორანს, კაფე-ბარს, გასართობ დაწესებულებას, მომსახურების ცენტრს, სასტუმროსა და ა.შ.
დავითვალე და 3 დღეში ათამდე დაწესებულება იყო, რომელთა მომსახურებითაც მხოლოდ იმიტომ არ ვისარგებლე, რომ გარე აბრაზე ქართული წარწერა არა აქვთ ან დაცული არ არის ზომა და ოდენობა სახელმწიფო ენის სასარგებლოდ.
ათასობით ენა არსებობს, მაგრამ თითზე ჩამოსათვლელი დამწერლობაა, მათ შორის ერთ-ერთი ქართულია! რატომ არ უნდა გამოვაჩინოთ და ვიამაყოთ ჩვენი დამწერლობით?! ეს ხომ ჩვენი ენის პოპულარიზაციაცაა?!
ეს ის საკითხია, სადაც ყველა ერთად უნდა დავდგეთ. ნუ შევალთ იმ კაფე-ბარებში, ნუ ვისარგებლებთ იმ დაწესებულებათა მომსახურებით, რომლებიც ჩვენს სახელმწიფო ენას პატივს არ სცემენ!" - აცხადებს ჩანადირი.