ავტორი სალომე უერთაშვილი
„უპრეცედენტო სახალხო განხილვები მიმდინარეობს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო განხილვის შესახებ ისაუბრა.
როგორ კოპალიანი აღნიშნავს, დღეს ნამდვილი განხილვები მიმდინარეობს და არა ისეთი დადგმული, როგორიც წინა მთავრობის დროს იყო.
„2011 წელს საკონსტიტუციო კომისის განხილვების წევრი ვიყავი. ეს ის პერიოდია, როდესაც ერთი პატარა გოგოს გამო მიხეილ სააკაშვილმა კონსტიტუცია შეცვალა და პარლამენტარის ასაკი 23 წლამდე დაწია. განხილვების კომისიის წევრი გახლდით ოპოზიციის კვოტით და მახსოვს, როგორ ტარდებოდა მაშინ საკონსტიტუციო განხილვები. ახლა მავანი იძახის, რომ ეს დადგმული შოუა. უპრეცედენტო სახალხო განხილვები მიმდინარეობს. ჩვენ არა ვართ ის ძალა, რომელსაც ეშინია დარბაზში ვინმეს გამოსვლის, საწინააღმდეგო აზრის და ა.შ.
მაშინ ჩვენ სხვადასხვა რეგიონში ვიყავით და მინდა გითხრათ, რომ გვხვდებოდა 100-კაციანი დარბაზები და ეს ასივე კაცი „ნაციონალური მოძრაობის" მიერ იყო მოყვანილი, რომლებიც ტაშს უკრავდნენ და მოსწონდათ, რომ კონსტიტუციაში პარლამენტარის მინიმალური ასაკი 23 წლიდან განისაზღვრებოდა.
ახლა ყველა კარგად ხედავს, როგორ მიმდინარეობს განხილვები - გადატენილია დარბაზი, მიდის მსჯელობა და კამათი ღიად, რასაც ჩვენი ხელისუფლება თავისი არგუმენტებით უპირისპირდება. ჩვენ არ გვჭირდება დადგმა და შოუ. ის რეაქცია, რაც დარბაზიდან მოდის, არის ნამდვილი და ეს არაა შეფარული.
მინდა გითხრათ, რომ იმ ძალის მიმართ არის აგრესია, რომელმაც ჯერ 2010 წელს შეცვალა კონსტიტუცია, დაჭრა, დაჩეხა, ხოლო 1 წლის შემდეგ მეორე ცვლილება შეიტანა, ის, რაც წეღან მოგახსენეთ. აი, ასეთი ვითარება იყო მაშინ. ახლა კი წარმოუდგენელი რამ ხდება და ამასთან შეგუება ოპონენტებს უჭირთ, თუმცა, ესაა რეალობა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" დაამკვიდრა", - განაცხადა კოპალიანმა.