ავტორი სალომე უერთაშვილი
„ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, პირველ რიგში, მინდა, გარდაცვლილთა ოჯახებს მივუსამძიმრო", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა „რეპორტიორს" განუცხადა და ტყიბულში მაღაროელთა გარდაცვალებას გამოეხმაურა.
როგორც კოპალიანი აღნიშნავს, უცილებელია მუშათა შრომითი უფლებების დაცვა.
„ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, პირველ რიგში, მინდა, გარდაცვლილთა ოჯახებს მივუსამძიმრო. ეს არ არის ახალი თემა, ძველი თემაა, ანუ არ არსებობს შესაბამისი შრომის პირობები და ამას ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ეწირება. ტყიბულელი მაღაროელების საპროტესტო აქცია პარლამენტთან დღესაც იყო. ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ვალდებულია შრომის ინსპექციიდან დაწყებული, ისეთი საკითხები მოაგვაროს, რომლითაც მუშების უფლებები დაცული იქნება, თუმცა, აქვე მინდა ვთქვა, რომ ინვესტორი თუ მეპატრონე გახლავთ დავით ბეჟუაშვილი, ადამიანი, რომელიც არაფრად აგდებს ადამიანის სიცოცხლეს. ეს უნდა იცოდეს მუშამ. დავით ბეჟუაშვილი ცუდ პირობებში ამუშავებს მაღაროელებს, აძლევს მიზერულ ანაზღაურებას. ამავე დროს შრომის პირობების უსაფრთხოებაც არ არის დაცული. ხელისუფლებამ განგაშის ზარი უნდა შემოკრას. აუცილებელია, შეიქმნას შრომის ინსპექცია, რომელიც გააკონტროლებს მუშათა შრომის უფლებებს.
ამ ეტაპისთვის კი, პირველ რიგში უნდა მოხდეს გამოძიება, რის გამო და რატომ მოხდა ეს ყველაფერი და დამნაშავეები უმკაცრესად დაისაჯონ", - განაცხადა კოპალიანმა.