ავტორი სალომე უერთაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე, ფილარმონიაში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის ჩაშლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია.
„ჩაშლილი საყოველთაო განხილვა, რა თქმა უნდა, სამწუხარო ფაქტია. ახალგაზრდების ნაწილმა საკუთარი აზრების გამოხატვა იმ ხერხით მოინდომა, რაც ვნახეთ, არცთუ ზრდილობიანად. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვფიქრობ, რომ იარლიყების დაკერება აღარ არის საჭირო, ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ ეს გამოთქმები: „სუკის აგენტი", „კრემლის აგენტი", „მთელი ინტელეგენცია ჩარეცხილები" და ა.შ. მაგალითად მე, ამ ახალგაზრდებს კომუნისტებს არ დავუძახებდი. საჭიროა სხვა მიდგომები. მათ აქვთ გარკვეული პოზიცია და თავისი ასაკის შესაფერისად ცდილობენ გამოამჟღავნონ გარკვეული ამბოხი და ტემპერამენტი, ამიტომ ამ პროცესს სწორედ ამ თვალსაზრისით უნდა შევხედოთ და არ უნდა დავწამოთ ცილი, რომ თითქოს ისინი უწიგნურები არიან. მართულნი არიან თუ არა, მაინც მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად არ ვეთანხმები იმ ფორმებს, რასაც ისინი გუშინ იყენებდნენ, სჯობდა, ნორმალურად დაესვათ კითხვები ან გამოსულიყვნენ და ისე ეთქვათ თავიანთი შეხედულებები, ყოველგვარი ისტერიკის გარეშე. ჩვენი ხელისუფლება კი იმითაა განსაკუთრებული, რომ ამ ყველაფერს უფრო ლოგიკურად, ზომიერად და საღად უნდა მიუდგეს", - ამბობს ქანთარია.