ავტორი სალომე უერთაშვილი
„ზოგადად, მიღებულია ყველაფერზე მთავრობის ლანძღვა, თუმცა, მგონი ტრამპის მიერ ხელმოწერილ საკანონმდებლო აქტში იმის დაფიქსირება, რომ საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერაა ოკუპირებული, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძისა და ჩვენი ელჩის დამსახურებაცაა!" - ამის შესახებ „ტრადიციოალისტთა კავშირის" ლიდერმა აკაკი ასათიანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და კვირიკაშვილის აშშ-ში ვიზიტს გამოეხმაურა.
ასათიანმა ვიზიტს დადებითი და სასიხარულო ფაქტი უწოდა.
„კარგია ის გადაწყვეტილება, რომელიც შეერთებული შტატების კონგრესმა მიიღო და რასაც ხელი მოაწერა პრეზიდენტმა ტრამპმა, მიწვეულნი იყვნენ ჩვენი პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, საკმაოდ ინტენსიურია ეს ყველაფერი და ნამდვილად უპრეცედენტოა. ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთის ელიტას ძირითადად ფული აინტერესებს, ხოლო თუ ვინმე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ინვესტიციას მოახდენს ან ბიზნესურთიერთობა ექნება, დაისჯება ფინანსურად, ანუ აშშ აღარ დაეხმარება, რაც რუსეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მათთვის მორალური, პოლიტიკური თუ სამართლებრივი ნორმები არაფერს ნიშნავს. მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის შეერთებული შტატებისთვის, რომელმაც როგორც იქნა რეალური მხარდამჭერის ნაბიჯი გადმოდგა. სიტყვიერი გამხნევება სულ იყო, მაგრამ ეს უკვე არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი", - აცხადებს ასათიანი.