სტიქიის შედეგად დაზარალებულ გლეხებს სახელმწიფო ვერ დაეხმარება. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ყვარელში, ჟურნალისტებს სემინარზე განუცხადა.
„არ უნდა იყოს ცრუ მოლოდინი, არ იქნება არანაირი კომპესაცია. მაშინ როცა აგროდაზღვევის ინსტრუმენტი მოქმედებს, ასეთი ერთჯერადი ჩარევები არასამართლიანია", - განაცხადა დავითაშვილმა.
ლევან დავითაშვილი ფერმერებს მოუწოდებს, ისარგებლონ აგროდაზღვევით და რისკები დააზღვიონ.
როგორც მინისტრი აღნიშნავს, განსაკუთრებით სტიქიის შედეგად დაზარალდა შიდა ქართლი. მთლიანად საქართველოს მასშტაბით 38 000 ჰექტარია დაზიანებული.
„ზარალი მილიონობით არის. მისი ანაზღაურების ფუფუნება ბიუჯეტს არ აქვს. საჭიროა სოფლის მეურნეობის ძირითად საშუალებებში ჩაიდოს ინვესტიციები სექტორის გასაძლიერებლად, და არა ერთჯერადი დახმარებები გავცეთ", - ამბობს დავითაშვილი.
საქართველოს რეგიონებში ძლიერმა წვიმამ მოსახლეობა დააზარალა. ადგილობრივების ინფორმაციით, განადგურდა მოსავლის დიდი ნაწილი, ბოსტნეული და ერთწლიანი კულტურები.