2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერით, საქართველოს 3633 სოფლიდან 223 ნასოფლარია, 5 ათას კაცზე მეტი ადამიანი კი, მხოლოდ 12 სოფელში ცხოვრობს. ინფორმაციას გამოცემა commersant საქსტატის მონაცემებზე დაყრნობით ავრცელებს.
2014 წლის მონაცემებით, საქართველოს 3633 სოფელში, 1 591 000 ადამიანი ცხოვრობს, რაც მოსახლეობის 42 %-ა; აქედან 223 სოფელს, მოსახლეობის გრაფაში უწერია - 0, ანუ იქ ახლა აღარავინ ცხოვრობს.
საქართველოს 157 სოფელში 1-5 ადამიანამდე ცხოვრობს; 98 სოფელში - 5-10 კაცამდე; 828 სოფელში მცხოვრებთა რიცხვი 11-დან 100 კაცამდეა; 503 სოფელში 100-200 ადამიანი; 893 სოფელში 200-500-მდე მოსახლე; 517 სოფელში - 500-1000-მდე ადამიანი; 271 სოფელში მოსახლეთა რაოდენობა 1000-2000-მდეა; 86 სოფელში - 2000-იდან 3000-მდე; 45 სოფელში 3000-იდან 5000-მდე; და მხოლოდ 12 სოფელია, სადაც 5 ათას კაცზე მეტი ცხოვრობს.
გამოცემის ცნობით, 2014 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი ნასოფლარი მცხეთა-მთიანეთშია: გუდამაყარში 22 სოფელია, მაგრამ ზამთარში სოფლების უმეტესობა იცლება. ბევრგან 2-3 ან მაქსიმუმ 10 ოჯახია. მთელ გუდამაყარში ერთი სკოლაა, რომელშიც 11 მოსწავლე დადის; სოფელ ლუთხუბში ოფიციალურად რეგისტრირებულია 23 ადამიანი. 2002 წლის აღწერით, აქ 80 კაცი ცხოვრობდა. დღეს გუდამაყრის ხეობაში ლუთხუბს მოსახლეობით მხოლოდ მაქართა და კიტოხი აღემატება. იქ 25-40 კაცი ცხოვრობს.
აჭარაში 3 ნასოფლარია (თითო-თითო ქობულეთში, შუახევსა და ქედაში), სამეგრელო-ზემო სვანეთში - 7 (აქედან 4 მესტიაში), იმერეთში - 8, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, ასევე სამცხე-ჯავახეთში - 10-10, ქვემო ქართლში - 13 (ყველა თეთრიწყაროში), შიდა ქართლში - 44 (21 გორში), კახეთში - 53 (აქედან 51 ახმეტაში, უმეტესობა თუშეთში), მცხეთა-მთიანეთში - 75 (აქედან 40 დუშეთის მუნიციპალიტეტში, 21 - ყაზბეგში).
თუშეთის 52 სოფელში მხოლოდ 47 კაცია რეგისტრირებული (30 კაცი და 17 ქალი), აქედან 37 ომალოში, დანარჩენ სოფლებში: შენაქოში, ჩიღოში, წაროსა და ბოჭორნაში.
ქვეყნის მხარეებიდან მიგრაციის მაჩვენებლით და მოსახლეობის სიმცირით პირველ ადგილზე რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთია. ახლა იქ სულ 31 ათასი კაცი ცხოვრობს.
გამოცემა წერს, რომ 120 წლის წინ, 1897 წელს საქართველოს მოსახლეობა 1 919 000 იყო და აქედან ქალაქში მხოლოდ - 16% ცხოვრობდა. 1926 წელს - 22 %, 1939 წელს - 30 %, 1959 წელს - 42%, 1979 წელს - 52%, 1989 წელს - 56%, 2002 წელს - 52% და 2014 წლის აღწერით, მოსახლეობის 57% ქალაქში ცხოვრობს.