logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო აღარ არის „პოსტ“-ქვეყანა!
- +

28 მაისი. 2017. 15:28



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ფედერაციის დუმის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის ვიაჩესლავ ნიკონოვის რეპლიკას უპასუხა და განაცხადა, რომ საქართველო აღარ არის „პოსტ"-ქვეყანა.


„საქართველო აღარ არის „პოსტ"-ქვეყანა. დროა, დავივიწყოთ ეს „პოსტ" წინსართი. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ყველა გაგებით შეიძლება ვუწოდოთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა. ჩვენ გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესგარემო. მსოფლიო ბანკის რეიტინგის თანახმად, ამ მხრივ ჩვენ მე-16 ადგილზე ვართ მსოფლიოში. Heritage Foundation-ის თანახმად, ჩვენი ეკონომიკა მე-13 ადგილზეა მსოფლიოში თავისუფლების თვალსაზრისით. ჩვენი მაჩვენებლები ყოველწლიურად უმჯობესდება. ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე დემოკრატიული ინსტიტუტები, ხოლო კანონის უზენაესობა ყოველწლიურად ძლიერდება. ჩვენ ზედმიწევნით მივყვებით ჩვენს ასოცირების დღის წესრიგს და მის სამოქმედო გეგმას. ასე რომ, საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და NATO-სკენ სწრაფვის წინააღმდეგ გამოსვლა სრულიად ალოგიკურია, რადგანაც ჩვენი მოსახლეობის 75 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს NATO-ში ინტეგრაციას, ხოლო ევროინტეგრაციას მხარს უჭერს 80 პროცენტზე მეტი. ჩვენ ვემხრობით ღირებულებებზე დაფუძნებულ ინტეგრაციას. გვჯერა, რომ ეს მიზნები მიღწეული იქნება თანმიმდევრული და მიზანმიმართული შრომის შედეგად.

 

რუსეთი მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში? რას წარმოადგენს საქართველო რუსეთისთვის? სწორედ ეს არის მთავარი კითხვა. როგორია საქართველოს რუკა? რომელ ქვეყანაზე ლაპარაკობს რუსეთი? ესაა მთავარი კითხვები. ბოდიში, მაგრამ ფრაზა ეკონომიკური ზრდის დაბალი სიჩქარის შესახებ იქ, სადაც სტაბილურობას ძირს უთხრის რუსეთის მხრიდან ინტერვენცია, ძალიან სარკასტულად ჟღერს", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.


ნიკონოვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ არის წინააღმდეგი საქართველო და უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანდნენ, თუმცა წინააღმდეგია საქართველო-უკრაინის NATO-ში ინტეგრაციის.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაში: „აღმოსავლეთ სამეზობლო 2017".


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner