დღეს, 13:30 საათზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გურიის რეგიონში, სოფელ ნაბეღლავში უალკოჰოლო სასმელის საწარმოს გახსნის ღონისძიებას დაესწრება. საწარმოში 40 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა.
16:30 საათზე პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ენერგეტიკის სექტორში უმსხვილესი საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტის - შუახევიჰესის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ცერემონიაში.
შუახევიჰესის პროექტის საინვესტიციო ღირებულება 416 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ჰესების დადგმული სიმძლავრე ჯამურად 187 მეგავატია. ელექტროსადგური 450 გიგავატ/საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და უზრუნველყოფს სათბური გაზების შემცირებას წელიწადში 200 000 ტონაზე მეტით. შუახევიჰესი პირველი ჰიდროელექტროსადგურია საქართველოში, რომელიც სერტიფიცირებულია „კლიმატის ცვლილებების შესახებ" გაეროს ჩარჩო-კონვენციის მიერ ნახშირბადის გამოყოფის შესამცირებლად.