logo_geo
eng_logo
ხმაურის აკრძალვის შესახებ კანონი 15 აგვისტოს ამოქმედდება
- +

29 ივნისი. 2017. 22:52



პარლამენტმა 83 ხმით ხმაურის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. ახალი რეგულაციით, დღისა და ღამის საათებში საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაწესდება.


ცვლილებების მიხედვით, პირველ ჯერზე ზემოთ აღნიშნული სამართალდარღვევა ითვალისწინებს ფიზიკური/იურიდიული პირის გაფრთხილებას.


ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის განმეორება იწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირის - 150 ლარის, ხოლო იურიდიული პირის 500 ლარის ოდენობით.


ერთი წლის განმავლობაში ფიზიკური/იურიდიული პირის მიერ მესამე და ყოველი შემდგომი სამართალდარღვევის ჩადენისას გათვალისწინებულია ჯარიმა ფიზიკური პირისათვის - 300 ლარის, ხოლო იურიდიული პირისათვის 1000 ლარის ოდენობით.


როგორც „ლიბერალს" კანონპროექტის მომხსენებელმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა უთხრა, კანონი 15 აგვისტოს ამოქმედდება.


როგორც კანონშია აღნიშნული, ამ მიზნებისათვის დღის საათებად მიიჩნევა 07.00 - 23.00 სთ-მდე, ღამის საათებად - 23.00-დან 07.00 სთ-მდე.


ამ მუხლის მიზნებისათვის ხმაურის დასაშვები ნორმები დადგენილია „საცხოვრებელი სახლების და საზოგადოებრივი (საჯარო) შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ" ტექნიკური რეგლამენტით.


როგორც ცვლილებების  მიზნებშია აღნიშნული, კანონპროექტის მიზანია, უზრუნველყოს ქვეყანაში „საქართველოს კონსტიტუციით", „ეკონომიკური და სოციალური უფლებების საერთაშორისო პაქტით" აღიარებული ადამიანის უფლება, ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში („საქართველოს კონსტიტუცია" 37-ე მუხლი) და ჰქონდეს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის უმაღლესი შესაძლო სტანდარტი („ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტი" მე-12 მუხლი).


კანონით გათვალისწინებულია, რომ 2018 წლის 1 აპრილამდე 77 პრიმა მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენენ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეს განიხილავენ შინაგან საქმეთა ორგანოები - საპატრულო პოლიცია, რომელიც განხორციელებულ სამართალდარღვევებზე შესაბამისი ხმაურმზომი ხელსაწყოებით უზრუნველყოფს პირის მიმართ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას, ხოლო 2018 წლის 1 აპრილიდან ეს ფუნქცია გადაეცემა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner