საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ანდრო ხანის პერსონალურ გამოფენას სახელწოდებით „16 სიგიჟე" ხვალ, 16 ივლისს უმასპინძლებს. მხატვარი გამოფენს 16 ნამუშევარს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებისეულ სიგიჟეს წარმოადგენს.
ანდრო ხანი გამოჩენილი ჩინელი მხატვრის ანდრეი ვლადიმირის ძე ხანის (ხან შან ლუნის) ოჯახში დაიბადა. ფერწერას ბავშვობიდან მამა ასწავლიდა. სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, ლიდერი სამხატვრო კომპანიების არტ-დირექტორად მუშაობდა.
როგორც „სითი კვირას" ეროვნულ ბიბლიოთეკაში განუცხადეს, ანდრო ხანი თბილისში ჩამოვიდა და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა მამამისის, ანდრეი ვლადიმირის ძე ხანის, 1 000 000 ლარზე მეტი ღირებულების 24 ფერწერული ტილო.
„2015 წელს ძალიან მოიხიბლა საქართველოთი და გადაწყვიტა დიდი ხნის ოცნება, საზოგადოებას გაეცნო, როგორც ფერმწერი, საქართველოში განეხორციელებინა", - აცხადებენ ბიბლიოთეკაში. მსურველებს 16 ივლისს, 18:00-დან - 22:00-მდე შეუძლიათ დაათვალიერონ ანდრო ხანის ნამუშევრები.