მწერალი რეზო მიშველაძე „რეზონანსთან" საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრობს. როგორც მიშველაძე აღნიშნავს, სააკაშვილი არც უკრაინაში და არც საქართველოში დიდ პოლიტიკურ ფიგურას არ წარმოადგენს.
„არც უკრაინისთვის და არც საქართველოსთვის მიხეილ სააკაშვილი არ არის ისეთი დიდი ფიგურა, რომ მასზე გარიგება სახელმწიფოებრივ დონეზე მოხდეს. ეს სააკაშვილის პიროვნების ძალიან გაზვიადება იქნებოდა. მიხეილ სააკაშვილი ამჟამად ერთი საწყალობელი და შემცდარი კაცია. ადრე ვუწინასწარმეტყველე, რომ საქართველოს ისტორიაში თავის ადგილს ვერ იპოვიდა ისეთად, როგორიც მას წარმოედგინა. საზღვარგარეთ რომ გაიქცა და ეგონა, უკრაინამ გულში ჩამიხუტაო, იქაც უცხო სხეული აღმოჩნდა. სააკაშვილი სადმე უკაცრიელ კუნძულზე უნდა გაგზავნო. მისი ქარიზმა და ენერგია პროგრესული კაცობრიობის წინააღმდეგაა მიმართული. უპირველეს ყოვლისა კი, თავისი სამშობლოს წინააღმდეგ. საქართველოში ის არავის არ სჭირდება, არც ციხეში და არც ციხის გარეთ. ვისაც ჯერ კიდევ სჯერა სააკაშვილის კეთილგონიერებისა, კარგად დააკვირდნენ მისი საუბრის მანერას და სიტყვებს. ეს ნორმალური ადამიანის სიტყვები არ არის. ვინ ოხერია სააკაშვილი და რას წარმოადგენს ან მსოფლიოს ან საქართველოს ისტორიისთვის", - აცხადებს მიშველაძე.