logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: სააკაშვილმა ვერ გაითვალისწინა ერთი ფაქტორი...
- +

27 ივლისი. 2017. 18:03


 

„სააკაშვილის გზა" - აღნიშნული სათაურით ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს:


„ჩემი დამოკიდებულება ამ ჯალათი მმართველისადმი ცნობილია. თუმცა, ვეცდები უემოციოდ დავწერო მისი მარცხის ჩემეულ ხედვაზე.

 

სააკაშვილი უდაოდ საინტერესო ფიგურაა, არა მხოლოდ საქართველოს ისტორიაში. ეს ადამიანი გაიზარდა კლასიკურ საბჭოურ ნომენკლატურულ გარემოში, მაშინდელ ელიტაში, ოღონდ სხვა ელიტარი შვილებისგან განსხვავებით, აღმოაჩნდა მეტი ავანტიურიზმი და ეშმაკობა. იმ დროს ელიტებისთვის ჩვეული ჩალიჩით მოხვდა საბჭოთა ელიტურ სასწავლებელში, შემდეგ ბიძის ნაცნობობით, აღმოჩნდა საშა ჩიკვაიძესთან, შემდეგ დაახლოვდა ჟვანიასთან, რომელიც გამოიყენა შევარდნაძესთან დასაახლოვებლად, რომლის დახმარებითაც აღმოჩნდა 1995 წლის საპარლამენტო სიაში. შემდეგი მოწვევის პარლამენტისთვის სააკაშვილს აღარც შევარდნაძე სჭირდებოდა, არც მითუმეტეს ჟვანია, მან მოახერხა საკუთარი გუნდის შექმნა (რასაც ადეიშვილის გარეშე ვერ მოახერხებდა), და რაც მთავარია, გვერდში დაიყენა „რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობა. მედიის და მედიამანიპულაციების მნიშვნელობა და ძალა იმ პერიოდში ესმოდა მხოლოდ სააკაშვილს და ჟვანიას. სწორედ ამ ცოდნამ გახადა შესაძლებელი ე.წ. ვარდების რევოლუცია. რევოლიციის შემდეგ კი ჟვანია დამარცხდა იმიტომ, რომ მან საკმარისად ვერ გათვალა სააკაშვილოს ვერაგობა. სააკაშვილისგან განსხვავებით, ჟვანია მეტად იდეალისტი იყო. მიშა კი ხისტი პრაგმატიკოსი, რომლისთვისაც დემოკრატია, ადამიანის უფლებები და თანასწორობა იყო მხოლოდ სიტყვები, საშუალება სრული ძალაუფლების მისაღწევად. გაპრეზიდენტების შემდეგ, სააკაშვილმა 9 წელიწადში სანიმუშოდ დაამტკიცა, რომ დემოკრატია მისთვის არაფერს ნიშნავს. შევარდნაძის, ჟვანიას და ბურჯანაძის ჩამოცილების შემდეგ, სხვების ჩამოცილება ან მოსპობა სააკაშვილისთვის პრობლემა აღარ იყო. მან ჩათვალა, რომ დადგა უკვე ერის შეცვილის დრო, ბენ გურიონობის, დე გოლობის, ათათურქობისა და აღმაშენებლობის როლის თამაშის ეპოქა. თუმცა, ამ თამაშში ერი დაბეჩავდა მისი მმართველობა კი ტირანიად იქცა. რომ არა ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა, ერზე ჩატარებული ექსპერიმენტი ან ერს შეიწირავდა ან სააკაშვილს დაასრულებდა ჰუსეინის დასასრულით. ივანიშვილმა რამდენიმე თვეში დაამარცხა თვითხიბლის ზენიტში მყოფი ტირანი.

 

გადის რამდენიმე თვე და დამარცხებული დიქტატორი უკრაინაში გამოჩნდა იგივე ამბიციებით და იგივე სქემით. დემოკრატიის თამაში, მედია, მტრის ხატები, ფსევდოპატრიოტიზმი, ინტრიგები, თეატრალიზებული შოუები და რა თქმა უნდა, მასზე ზემდგომების ჯერ გამოყენება და მერე ტალახში ამოსვრით მათზე გადავლა. აშკარად ჩანდა, რომ სააკაშვილმა მოინდომა მსოფლიო ისტორიაში შესვლა, როგორც ორი ქვეყნის პრეზიდენტი.

 

დღეს აშკარაა, რომ მისი ამბიციური ოცნება ვერ ასრულდება. სააკაშვილი არც საქართველოს მოქალაქეა, არც უკრაინის. საქართველოს მოქალაქეობაზე მან თავად თქვა უარი, უკრაინამ კი მოქალაქეობა გაუუქმა. თავად სააკაშვილი ამაში პოროშენკოს ადანაშაულებს, თუმცა გასაკვირი არაა. ყველა არ პატიობს ჯერ გამოყენებას და მერე გადაგდებას. საქართველოში კი მას საერთოდ ციხე ელის. ეს ის მუხლზემდგომი საქართველო აღარაა, ივანიშვილმა საქართველოს მისცა თავისუფლების და დემოკრატიის ის მაგალითი, რომლის დანგრევას სააკაშვილი ვერ შეძლებს, საზოგადოება გაიზარდა. და ბოლოს, სააკაშვილმა ვერ გაითვალისწინა კიდევ ერთი ფაქტორი _ დრო. მან საქართველოში უკვე მოასწრო საზოგადოების მანიპულირების ყველა ილეთის გამოყენება, „რუსთავი 2" დღეს ცნობილია როგორც მისი პროპაგანდისტული მანქანა და არა როგორც მედია. თავად მისი შოუები უკვე აღარ აღიქმება საინტერესოდ, ეს ყველაფერი უკვე მოძველებულია. საზოგადოება განათლდა საინფორმაციო ტექნოლოგიებში და საზოგადოებამ დაამტკიცა, რომ არაა ექსპერიმენტებისთვის შექმნილი ცხვრის ფარა.

 

თუმცა, სააკაშვილმა თავისი ამბიციებით ერთი კარგი საქმე გააკეთა _-მისმა ისტორიამ დაამტკიცა, რომ ხალხით მანიპულირება ისეთივე დამღუპველია, როგორც დიქტატურა", - წერს უძილაური.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner