ავტორი მერაბ ხაჩიძე
„ქართველებსა და აფხაზებს შორის კონფლიქტი რაც შეიძლება მალე უნდა ჩაცხრეს, ვინაიდან არ არსებობს არც ერთი აფხაზური პრობლემა, რომელიც ქართულ პრობლემას ეწინააღმდეგება და თუ ასეთი არსებობს, ის გამოგონილია".
ქართულ-აფხაზური „კონფლიქტის" პირველ დღეებში ნათქვამი, ზურაბ ჭავჭავაძის ეს სიტყვები უძღვის ეპიგრაფად წინ ერთ-ერთ მასალას ვახტანგ (გოჩა) ხუნდაძის ახალი წიგნიდან - „11ინტერვიუ".
სამწუხაროდ, არც მისი და არც სხვისი, არც აქეთ და არც იქით, მაშინ არავინ ისმინა. შედეგად კი ის მივიღეთ, რის შესაფასებლად სიტყვა „ტრაგედიაც" კი ცოტაა და რის სიკეთისკენ შემობრუნებას არაადამიანური ძალა და ნებისყოფა სჭირდება.
ეს პატარა გამოცემა კი, თავის დროზე, თერთმეტ გონიერ და მოაზროვნე ადამიანთან ჩაწერილი ინტერვიუების კრებულია და აქ კარგად ჩანს, როგორი დამღუპველია ემოცია, და ისიც - ბევრი რამის ადგილიდან დაძვრა რომ შეიძლება, სულის ტკივილისა და შურისძიების შეგრძნების დაძლევის შემთხვევაში.
აღარაფერს ვამბობ ჟურნალისტურ ოსტატობაზე, რადგან ვინც იცნობს, ვისაც მისი ტელე-რადიოში მუშაობის დროინდელი გადაცემები მოუსმენია და ვისაც მის მიერ დაწერილი წაუკითხავს, კარგად იცის, რომ ვახტანგ (გოჩა) ხუნდაძისთვის სწორად, გონივრულად დასმული შეკითხვა ის არის, რაც ასე აკლია დღეს ქართულ მედიას! - პროფესიული თავმოყვარეობისა და პრესტიჟის საქმეა!
ღირს ამ წიგნის წაკითხვა!
მტრად ქცეული ძმების შერიგების მსურველისთვის უმნიშვნელო და მეორეხარისხოვანი ნაკლებად არსებობს (საერთოდ თუ არსებობს) და ამდენად, არც ის, ერთი შეხედვით პატარა ნაბიჯია ცოტა, წიგნის ავტორს რომ აქვს გააზრებული და ჩაფიქრებული.
ძნელია და ურთულესი, მოსისხლეებს წყენა და მრისხანება დაავიწყო, სახით ერთმანეთისკენ მოაბრუნო, ერთმანეთის თვალებში ჩახედვა აიძულო. ამას კი, ყველა ვერც შეძლებს და რაც მთავარია, ამის მოსურნეს შერიგებისკენ მოწოდების უფლება უნდა ჰქონდეს! სწორედ ამ უფლების მატარებელია ავტორიც და ის თერთმეტივე რესპონდენტიც, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა აფხაზეთის ომის ყველა - პირველ რიგში ახლობელი ადამიანების დაკარგვით გამოწვეული ტკივილი და უბედურება. ძნელია, მაგრამ შერიგებაზე ფიქრი აუცილებელია! ფიქრი კი, მომხდარისა და ჩადენილის საღ გონებაზე განსჯიდან იწყება. ავტორის მიზანიც ეს არის. მიზანი, რომელსაც საქართველოში ალბათ ყველა საღად მოაზროვნე ეთანხმება.
ეჭვი არ არის, „გაღმა ნაპირზეც" ბევრი ფიქრობს საღი გონებით და არც რთულია და სიკეთის მეტსაც არაფერს მოიტანს ამ პატარა ბროშურის აფხაზურად თარგმნა!
ტყუილი და ყალბი იქნება აფხაზეთის სიყვარულზე ლაპარაკი - აფხაზების გარეშე! - სიყვარულიც არ ერქმეოდა!
მერაბ ხაჩიძე