ავსტრალიელმა ბიოლოგმა, კლიმატის მეცნიერების უარმყოფელმა ჯენიფერ მაროჰასმა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მეცნიერმა ჯონ აბომ ჟურნალ GeoResJ-ში გამოაქვეყნეს კლიმატის ცვლილების შესახებ მათ მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც ხელოვნური ნერვული ქსელის ტექნოლოგიით წარმართეს. როგორც კვლევა აჩვენებს, მსოფლიოში ამჟამად მიმდინარე კლიმატის ცვლილება თითქმის სრულიად ბუნებრივია. დამატებით განმარტებებს მაროჰასი საკუთარ ბლოგზე აკეთებს.
გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით, მსოფლიოს მეცნიერთა უმეტეს ნაწილს კონსენსუსი მიღწეული აქვს - ის ხდება იმიტომ, რომ ადამიანები თავიანთ საქმიანობით ატმოსფეროში გამოყოფენ ზედმეტად ბევრ CO2-ს. მაგრამ როგორც მაროჰასი და აბო ამტკიცებენ, ეს კონსენსუსი თითქმის საუკუნის წინ გადაწყვეტილ სიყალბეს ეფუძნება, როდესაც ნახშირორჟანგის მიერ სითბოს შთანთქმის შესასწავლად კვლევა ჩაატარეს. მათი განცხადებით, ამის შემდეგ, ამ მიმართულებით ძალიან ცოტა კვლევა ჩატარდა, რომელთა შედეგებიც გლობალურ პრინციპებად იქცა; მათი თქმით, შეუძლებელია იმის დამტკიცება, რომ ნახშირორჟანგს მსოფლიო ტემპერატურაზე გავლენა აქვს. ამ მიზეზით, მათ წინა კვლევების მონაცემების შეგროვება დაიწყეს; დოკუმენტები შეიცავდა გასული 2000 წლის ტემპერატურულ მონაცემებს, მათ შორის ხეების რგოლებისა და მარჯნის რიფების პოლიპების.
აღნიშნული მონაცემები მათ ხელოვნურ ნერვულ ქსელში შეიტანეს, რაც აბომ გამოიყენა გასული რამდენიმე წლის მანძილზე ავსტრალიაში მოსული ნალექების ხასიათის პროგნოზისთვის. ქსელი ფუნქციონირებს მოცემულ სიტუაციებზე დაკვირვებითა და შესწავლით - ამ შემთხვევაში ის სწავლობდა 2000 წლის პერიოდის გლობალურ ტემპერატურულ ნიმუშებს და შემდეგ, პროგნოზებსაც აკეთებდა.
როგორც მკვლევრები იუწყებიან, კომპიუტერმა ტემპერატურის მატების დაახლოებით ისეთივე პროგნოზი გააკეთა, როგორსაც რეალურ დაკვირვებათა გამოთვლები გვთავაზობს - დამატებითი ნახშირორჟანგის არსებობის გარეშე შედეგები იგივე იყო - რაც მათი თქმით, იმაზე მიუთითებს, რომ ნახშირორჟანგი არაფერ შუაშია.
ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ არსებობდა ეპოქა - შუა საუკუნეების დათბობის პერიოდი, რომელიც 986-1234 წლებში მიმდინარეობდა, როცა ტემპერატურა დაახლოებით იგივე იყო, რაც დღესაა. ორი მეცნიერის აზრით, ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ პლანეტა ბუნებრივად მაინც გათბებოდა, მიუხედავად იმისა, გამოყოფდნენ თუ არა ადამიანები ასწლეულების განმავლობაში ატმოსფეროში ნახშირორჟანგს.
გარდა ამისა, ისინი ასევე შენიშნავენ, რომ მათი კვლევის შედეგებმა გლობალური ტემპერატურის კლება აჩვენა 1980 წლის შემდეგ, რაც ზოგიერთ სხვა მეცნიერთა კვლევების შედეგებსაც ემთხვევა, მაგრამ სრულად მაინც არ დასტურდება. მათი მტკიცებით, ამჟამად მიმდინარე დათბობის პროცესი მთლიანად ბუნებრივი მიზეზებით მიმდინარეობს და სავარაოდოდ, პროცესი ისევე შენელდება, როგორც წარსულში შეჩერდა.