აფხაზი საზოგადოება ქართულ მხარესთან ურთიერთობის სურვილს გამოთქვამს, ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ზვიად სიჭინავა აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იპოვოს გზები, რომელიც გარკვეულ დახმარებას გაუწევს აფხაზურ მხარეს. აქვს თუ არა ხელისუფლებას რაიმე თანმიმდევრული პოლიტიკა ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართულებით და არის თუ არა საკმარისი ის, რაც კეთდება ამ ურთიერთობის აღდგენისთვის, ამ საკითხზე „იბერიას" ეთერში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავამ ისაუბრა.
„რაც კეთდება, საკმარისი ნამდვილად არ არის და ალბათ კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი, რადგან შედეგი არ არის დამაკმაყოფილებელი, მაგრამ არის ცალკეული პროგრამები, მაგალითად „თანამშრომლობა აღიარების გარეშე", სადაც არის სხვადასხვა სფეროები, სამედიცინო პროგრამა, კულტურული, ეკონომიკური. აფხაზეთიდან ასობით ადამიანი ჩამოდის და იღებს სამედიცინო დახმარებას, ამ მხრივ არის ცვლილება, ადრე არც ფიქრობდნენ აქ ჩამოსვლაზე და მეტიც, სეპარატისტული განწყობა ჰქონდათ, დღეს ხვდებიან, რომ პატარა ეთნოსის გადასარჩენად საჭიროა ერთიანობა.
ის რუსული პოლიტიკა, რომელიც ტარდება დღეს აფხაზეთში, აფხაზთა უმეტესობას არ მოსწონს, თუმცა, უნდა ვიცოდეთ, რომ აფხაზეთშიც არის გარკვეული წრეები, რომელიც თავის დროზე სეპარატიზმს ჩაუდგა სათავეში. მათთვის ბოლომდე მიუღებელი იქნება ჩვენთან ურთიერთობა, მაგრამ დანარჩენ ხალხს, რომელმაც იცის, რომ მათი ყოფნა-არყოფნის საკითხი მალე დადგება, უნდა ჩვენთან ურთიერთობა. მათ გააცნობიერეს, რომ თუ აფხაზი ხალხის გადარჩენაზეა ლაპარაკი, ეს უნდა მოხდეს საქართველოს წიაღში", - განაცხადა გია გვაზავამ.