უკრაინული მედია სამართალდამცავი უწყების წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურმა პარტია „ბატკივშინას" ლიდერს იულია ტიმოშენკოს უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გადასცა.
შემთხვევა 10 სექტემბერს, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „შეგინთან" მოხდა, როცა იულია ტიმოშენკომ საზღვარი ოდესის ყოფილ გუბერნატორთან, მიხეილ სააკაშვილთან ერთად გადაკვეთა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ტიმოშენკოს უმაღლეს რადაში გადასცეს.
წყარო, რომელსაც მედია ეყრდნობა, ვარაუდობს, რომ ოქმის განხილვა ლვოვის ოლქის, მოსტინსკის რაიონულ სასამართლოში უახლოესს დღეებში მოხდება.