ისრაელმა გაერო-ს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO) დატოვა. ისრაელის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება აშშ-ის მიერ აღნიშნული ორგანიზაციიდან გასვლის შემდეგ მიიღო.
UNESCO-ს დატოვების მიზეზად ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი ორგანიზაციის მიერ ისრაელის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებსა და მიკერძოებულ პოზიციას ასახელებენ.
გაერო-ს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირინა ბოკოვამ განაცხადა, რომ ორგანიზაციას რეაბილიტაცია სჭირდება, ორივე სახელმწიფოს გადაწყვეტილების გამო კი სინანული გამოხატა.
მიმდინარე წლის 8 ივლისს ისრაელში, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ჰებრონის ძველი ქალაქი და პატრიარქთა სამარხები UNESCO-მ კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში პალესტინური ძეგლის სტატუსით შეიყვანა. ამ ფაქტს ისრაელის მთავრობის მხრიდან მწვავე შეფასება მოჰყვა.
ისრაელის მთავრობის წინააღმდეგობის მიუხედავად, გადაწყვეტილება კრაკოვში გამართული სამიტის ფარგლებში, გაერო-ს კულტურული კომიტეტის სხდომაზე დამტკიცებული რეზოლუციის შედეგად მიიღეს. დოკუმენტს 12-მა ადამიანმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 3 იყო.