ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ქვეყნის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პოლონეთის ეკონომიკურ ფორუმზე დააჯილდოვეს. ,,ინოვაციების დაჯილდოება 2017"- ის სპეციალური ჯილდო სააგენტოს თავმჯდომარეს გიორგი ზვიადაძეს გადაეცა.
ვარშავაში ემირატებისა და ევროპის ბიზნესგანვითარების კლასტერის, ევროპის მწვანე ტექნოლოგიების ალიანსისა და საინვესტიციო მომსახურების სააგენტოს თანაორგანიზებით გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საინვესტიციო მომსახურების ცენტრს შორის თანამშრომლობის მთავარი მიმართულება სტარტაპების მხარდაჭერა და განვითარებაა.
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ზვიადაძე პოლონეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ფორუმის ფარგლებში განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა თანამედროვე ტექნოლოგიების გადაცემა (ტრანსფერი), ელექტრომობილების განვითარება, სტარტაპების განვითარების ხელშეწყობა და სხვა.
ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობა მიიღეს პოლონეთისა და მისი პარტნიორი ქვეყნების ფინანსური და ეკონომიკური ინსტიტუტების, სამთავრობო სააგენტოების, საინვესტიციო და ბიზნესკომპანიების, ადგილობრივი ხელისუფლების, პოლონეთის რესპუბლიკაში სხვადასხვა ქვეყნების აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლებმა.