უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესმდივნის ლარისა სარგანის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ძებნაში უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლითაა გამოცხადებული.
„სააკაშვილი ძებნაშია გამოცხადებული და ის ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში, რომელიც გათვალისწინებულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით, 28-ე მუხლის მეორე ნაწილით და 256-ე მუხლის მეორე ნაწილით", - განაცხადა ლარისა სარგანმა.
მიხეილ სააკაშვილი ეჭვმიტანილია შემდეგი მუხლებით: დანაშაულის მცდელობა; პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული წინასწარი შეთანხმებით; დანაშაულებრივი ორგანიზაციის მონაწილეებისთვის დახმარების გაწევა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვა.
მიხეილ სააკაშვილის ძებნას ახორციელებს ეროვნული პოლიცია და უკრაინის უსაფრთხოების სამსახური.