„ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ბოლო პერიოდში ათეულობით მოძალადე დავაკავეთ და მომავალშიც, მსგავს ფაქტებზე მყისიერად მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას", - ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„სამართალდამცველებმა, ოჯახში ძალადობის ბრალდებით ლაგოდეხში, რუსთავში, ხაშურში, ნინოწმინდაში, ასპინძის, ახალციხის, ადიგენის და ახალქალაქის რაიონებში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 14 პირი დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ახალციხის რაიონის სოფელ წყრუთში მცხოვრებ, 1994 წელს დაბადებულ, ოთხი თვის ორსულ მ.ს.-ს მეუღლემ - 1988 წელს დაბადებულმა ღ.ი.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.
ასევე დადგინდა, რომ ქალაქ ნინოწმინდაში, 1976 წელს დაბადებულმა ა.თ.-მ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თავის არასრულწლოვან ძმისშვილს -2001 წელს დაბადებულ კ. თ.-ს, საკუთარ დედას - 1949 წელს დაბადებულ ს. თ.-ს და რძალს - 1981 წელს დაბადებულ მ. თ.-ს. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.