უკრაინიდან პოლონეთში გაძევებული მიხეილ სააკაშვილი ჰოლანდიაში ჩავიდა. ამის შესახებ პეტრო პოროშენკოს ბლოკის დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო facebook-ზე წერს და ამსტერდამის აეროპორტში გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს.
„მიხო უკვე ამსტერდამშია. ჩვენს „ჯიგიტს" მეგობარი დახვდა და სამახსოვრო სურათიც გადაუღო. მიაქციეთ ყურადღება მისი სახის გამომეტყველებას, როგორ უჭირს უკრაინასთან განშორება, ალბათ, ისე, როგორც საქართველოსთან განშორება გაუჭირდა. აბა, ყოჩაღად იყავი ამსტერდამში და არ დაგავიწყდეს, როცა უკრაინულ ტელეარხებს ჩაერთვები, ეს კმაყოფილი ღიმილი ჩამოირეცხე და მოწამეობრივ-მრისხანე გამომეტყველება მიიღე!" - წერს დეპუტატი.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი 12 თებერვალს, კიევში, რესტორან „სულგუნში" უკრაინის სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა დააკავა და მალევე პოლონეთში გაამგზავრა ანუ ქვეყანაში, საიდანაც ოფიციალური კიევის აზრით უკრაინაში უკანონოდ შეიჭრა.