logo_geo
eng_logo
„მთელი თვე დამდევდნენ, რომ მეთქვა... „ჩინჩლავს“
- +

20 თებერვალი. 2018. 15:05



„რა სარგებლობა მოაქვს მამალს?" - ამ კითხვაზე გულუბრყვილო პასუხის გამო 39 წლის წინ მართლაც ატირეს ფილმ „იმერული ესკიზების" გადასაღებ მოედანზე კახა ჭკადუა. მართალია, მაშინ მხოლოდ 6 წლის წინ იყო, მაგრამ ეს გამოცდილება მისთვის საკმარისი აღმოჩნდა, რომ მსახიობობა არ მოსწონებოდა.


ფილმ „იმერული ესკიზების" გადაღების დეტალებზე კახა ჭკადუამ „კვირის პალიტრასთან" ისაუბრა.

 

 

„წარმოშობით სვანი ვარ, მესტიის სოფელ ხაიშიდან. ხონში, სოფელ დიდ კუხში ვიზრდებოდი. სწორედ ამ სოფელშია გადაღებული „იმერული ესკიზები". ის სკოლაც, რომელსაც ფილმში ხედავთ, დიდი კუხის საჯარო სკოლაა. ერთ მშვენიერ დღეს ქართულის მასწავლებელმა სამასწავლებლოში გამიყვანა, სადაც ორი უცნობი მამაკაცი გველოდა და უთხრა, ვფიქრობ, ეს არის ის ბავშვი, რომელიც თქვენ გჭირდებათო.

 

წამიყვანეს გადასაღებ მოედანზე, ამათვალიერ-ჩამათვალიერეს და სინჯებისთვის დამიწყეს მომზადება. შავგვრემანი კი ვიყავი, მაგრამ უფრო გამამუქეს და გადამპარსეს... სამოსის მორგებაზე რომ მიდგა საქმე, დედაჩემს სახლიდან პერანგი და შარვალი მოვატანინე, რომელიც ჩაცმამდე გულიანად დამიჭმუჭნეს და ამან ისე გამაბრაზა, რომ გავხიე. ფილმში სწორედ ის დაჭმუჭნულ-დახეული ტანსაცმელი მაცვია. გადაღებამდე ამიხსნეს - უპატრონო ბავშვის როლი უნდა შეასრულოო. სიტყვამ „უპატრონო" ისე შემაშინა, რომ უარი ვთქვი გადაღებაზე. მერე მთელი თვე დამდევდნენ აქეთ მასწავლებლები და იქით დირექტორი, რომ მეთქვა ის სიტყვა.

 

ვგრძნობდი, რომ კარგი სიტყვა არ იყო. ნანა მჭედლიძემ და ოთარ მეღვინეთუხუცესმა შოკოლადები მომიტანეს, რას არ დამპირდნენ, რომ კამერების წინ სიტყვა „ჩინჩლავს" მეთქვა. ბოლოს ვიფიქრე, ოღონდ თავი დამანებონ-მეთქი და მართლაც ვთქვი. რაც ამ სიტყვის თქმის შემდეგ ხდება ფილმში, დადგმული არ არის. ეკრანული მასწავლებლის რეაქციით გულაჩუყებული რომ ვტირი და გავრბივარ, სინამდვილეა.

 

„იმერული ესკიზების" ჰონორარით ველოსიპედი „დესნა 2" მიყიდეს და ამით ძალიან გამახარეს. პრემიერის შემდეგ სოფელში ჩამოვიდა ქალბატონი ნანა და სხვა ფილმში გადაღება შემომთავაზა, ვერაფრით დამიყოლია. მას შემდეგ აღარ შევხვედრივარ. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, რომ გავიგე, შეუძლოდააო, დავურეკე, მოვიკითხე, სიხარულისგან ატირდა.

 

„იმერულ ესკიზებს" ჩემი შვილები ყოველ ჯერზე თვალებგაბრწყინებულები უყურებენ, მაგრამ ჩემთვის მისი გადაღების მომენტი მაინც არ ასოცირდება კარგ ემოციებთან. ცუდი ის იყო, რომ ფილმის გამოსვლის შემდეგ, დღემდე რამდენჯერაც დამინახავენ, იმ სიტყვას გაიძახიან, ნახე, მოდისო. დიდი ხანია, პატარა ბიჭი აღარ ვარ, მაგრამ მაინც ვბრაზდები", - განაცხადა კახა ჭკადუამ.  

 


 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner