ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა ვასილი პოლიაკოვმა იმ სისხლის სამართლის საქმის დეტალებზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც არჩილ ტატუნაშვილის დაკავება მოხდა.
„2004-2008 წლებში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ აღიძრა 166 სისხლის სამართლის საქმე, რომლებიც უკავშირდება საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს", - განაცხადა პოლიაკოვმა.
მისი თქმით, გამოძიებამ დაადგინა და საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის თანამდებობის პირები, რომლებსაც „ოსი ხალხის გენოციდსა და სამხედრო დანაშაულების ჩადენაში მიუძღვით ბრალი".
„მათი რაოდენობა 45-ს აჭარბებს. მათ შორის არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და სხვები", - განაცხადა დე ფაქტო გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა.