logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ვინმე ე.წ. "ნანატრი", ბუნებით აშკარა ქვეწარმავალი - საბედნიეროდ, მეგობრებში არ მყავს!
- +

28 მარტი. 2018. 01:56

 

ნანატრის ვინმე ე.წ. „ნანატრი", ბუნებით, ეტყობა, აშკარა ქვეწარმავალი თუ რაღაც სხვა უბედურება, საბედნიეროდ, მეგობრებში არ მყავს. მაგრამ მის „ფრენდ-ლისტში" 48 საერთო მეგობარი აღმომაჩნდა. ერთობ სამწუხაროდ!!!


მესმის, რომ მისი უფლებაა, სძულდეს ოკუპანტი რუსეთი, ზოგადად რუსები, რუსის ბავშვებიც კი და ამ გასაგები პოზიციის გამო არავინ შეედავება... ვერაფერს იტყვი მაშინაც, როცა ის იყენებს თავის უფლებას, გაიხაროს, ცეცხლში როგორ იწვებიან უდანაშაულო ბავშვები... თავი უნდა შევიკავოთ მაშინაც, როცა სარგებლობს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით... დაწყევლოს ყველა ის ადამიანი, ვისაც ეტკინა და თავზარი დასცა ათობით ნორჩი სიცოცხლის ნახშირად ქცევამ... თურმე, გაგებით უნდა მოვეკიდოთ მის უფლებას, როცა უტიფრად გვისურვებს ჩვენ, ჩვენ შვილებს, შვილიშვილებს და შვილთაშვილებს ცეცხლის ალში ამობუგვას იმ უბედური და უმანკო ბავშვების მსგავსად...


სამწუხარო რეალობაა: დემოკრატიას და სიტყვის (გამოხატვის) თავისუფლებას თუ პატივს სცემ, ესეც უნდა წაიკითხო და... „გადაყლაპო"?


არა, ვერ „გადავყლაპავთ". და ჩვენც გამოვიყენებთ ჩვენსავე კონსტიტუციურ უფლებას, რომ ასეთ ტიპაჟს მისი საქციელის ადეკვატური სახელი ვუწოდოთ (თუნდაც, ხატოვნად) და კილომეტრზე არ გავიკაროთ, მით უმეტეს, ამ უახლოეს ფბ-სამეგობრო სივრცეში.

 

დიახ, ჩვენი უფლებაა, ასეთ უსისხლო და ურცხვ ტიპაჟს გამარჯობა არ ვუთხრათ, წყალი არ მივაწოდოთ, ზურგი შევაქციოთ, მოვკვეთოთ ჩვენი პირადი ურთიერთობის სივრციდან...


ამ უფლებას ვერავინ წაგვართმევს, ვერც რომელიმე სტრუქტურა ვერც შიში ნანატრ-უნატრებლის წყევლისა და ვერც ვარაუდი-მუქარა, რომ აიკლებენ ფბ-სივრცეს ჩვენი ლანძღვა-გინებით და გაგვიმწარებენ ცხოვრებას. თავპირიც უმტვრევიათ. ვინც შეუშინებიათ, ის შეაშინონ. შეჩვეულნი ვართ: რას იზამ, ესეც დემოკრატიაა, ისევ და ისევ გამოხატვის თავისუფლებაა...


მესმის, ბევრი თქვენგანი მის ე.წ. „ფრენდ-ლისტში" სრულიად შემთხვევით აღმოჩნდით, უნებლიეთ, ლამის ავტომატურად. მაგრამ, ასეა თუ ისე, ლაქა მოეცხო ჩვენს დიდ ფბ-სამეგობროს, პრაქტიკულად საზოგადოების უმრავლესობას. ამ შუბლზეძარღვგაწყვეტილობამ შეურაცხყო ყველა, ვისთვისაც ძვირფასია ადამიანური ღირებულებები. აშკარად სულში შეგვაფურთხეს...

 

ჩემო დღემდე ძვირფასო ფბ-მეგობრებო! სრულიად ლეგიტიმური იქნება თქვენდამი დასმული შეკითხვა: ამ უსისხლო და უხორცო ტიპაჟთან გაქვთ კი რაიმე საერთო ფასეულობა?


საკმაოდ კარგად ვიცნობ უმრავლესობას ჩემი „ფრენდ -ლისტიდან" და სავარაუდო პასუხის ამოცნობისთვის დიდი ტვინის ჭყლეტა არ დამჭირდება.

 

ჰოდა, თუ არაფერი გაკავშირებთ, იგი და მისნაირები გაძევებულ უნდა იქნან ჩვენი facebook-საახლობლოდან. მხოლოდ ჩვენი „ფრენდ-ლისტიდან". თორემ, ამ დუნიაზე სადაც უნდა და როგორც უნდა, ისე იცხოვროს, რაც მოეპრიანება, ის თქვას, ვინც უნდა, ის დაწყევლოს...


ყოველ შემთხვევაში, „ნანატრის" მსგავს თუ მის არაერთ მხარდამჭერთან, ანუ, ფბ-სივრცეში მასთან რაიმე კავშირში მყოფ ადამიანებთან, პირადად მე ვერ ვიკონტაქტებ. და თუ ზნეობრივ ცხოვრების გაგრძელებას „ნანატრისთან" ერთად რომელიმე ჩემი ფბ-მეგობარი დააპირებს, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ. მე კი იძულებული ვიქნები, „ნანატრისთან" ურთიერთობის მონატრებულ-დახარბებულ „ფბ -მეგობრებს" ტკივილნარევად დაგშორდეთ.


ვწუხვარ, მაგრამ საყოველთაოდ აღიარებული ფასეულობები და პრინციპები აბსოლუტურად შეუთავსებელია ნამეტნავ ურა-პატრიოტიზმთან, პრიმიტივიზმთან, მამალ ქაჯობასა და ბოროტ სულთან.

 

P.S. ეს რჩევა-სურვილი ეხება „კოლექტიური ნანატრის" ყველა პერსონას. მათ შორის ვინმე მდედრ ლაგვილავასაც, რომელიც, თუ „ფეისბუქში" გავრცელებულ ინფორმაციას ვენდობით, თურმე მერიის და „ოცნების" პიარში მუშაობს (ან მუშაობდა)...


ტაში, კუკური!


 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner