„NATO-ს წევრმა ქვეყნებმა სირიაზე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სარაკეტო დარტყმებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს“, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ალიანსის ყველა წევრმა გამოხატა მხარდაჭერა სირიასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, ალიანსი მხარს უჭერს გაერო-ს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია სირიაში მშვიდობის დამყარებისკენ.
სტოლტენბერგმა მოუწოდა რუსეთს, ჟენევის პროცესში დამასკოს მონაწილეობა უზრუნველყოს. ამას გარდა, სტოლტენბერგის თქმით, NATO დამასკოს, მოსკოვისა და თეირანისგან სირიაში ჰუმანიტარული ორგანიზაციების სრულ დაშვებას ითხოვს.
გენერალური მდივნის განცხადებით, განხორციელებულმა სარაკეტო დარტყმებმა დამასკოს ქიმიური პოტენციალი შეასუსტა.