მსოფლიოს ყველაზე დიდი აეროპორტების ათეულში შემავალი სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტი 2018 წლის 29 ოქტომბრიდან კომერციული ავიარეისებისთვის იხურება. მიზეზი სტამბოლის ახალი აეროპორტია, რომელიც სწორედ 29 ოქტომბერს უნდა გაიხსნას. ახალი აეროპორტისთვის სახელი ჯერ მოფიქრებული არ არის. 2023 წლისთვის, როდესაც ის სრული დატვირთვით ამუშავდება, მსოფლიოს უდიდესი აეროპორტი იქნება.
სტამბოლის ახალი აეროპორტი
ათათურქის აეროპორტი პირველად 1912 წელს აეროდრომის სტატუსით გაიხსნა, 1953 წლიდან კი ის აეროპორტია. მას თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის სახელი, 1980–იან წლებში მიენიჭა. ათათურქის სახელობის აეროპორტი წელიწადში, საშუალოდ, 60 მილიონ მგზავრს ემსახურება და როგორც თურქეთის ხელისუფლება ამბობს, ეს არის ამ აეროპორტის რესურსის მაქსიმუმი. მიმდებარედ არსებული ურბანული სივრცისა და განაშენიანების გამო, ათათურქის აეროპორტმა უკვე ამოწურა გაფართოების რესურსი, რის გამოც დღის წესრიგში ახალი აეროპორტის მშენებლობა დადგა.
სტამბოლის ახალი აეროპორტის მაკეტი
სტამბოლის ახალი აეროპორტის მაკეტი
სტამბოლის ახალი აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან 35 კილომეტრის მოშორებით, შავი ზღვის ნაპირზე, 67.7 მილიონ კვადრატულ მეტრზე განთავსდება. სტამბოლის ცენტრიდან ახალ აეროპორტამდე გაჰყავთ მეტროს ხაზიც, რაც იქ მისვლას ბევრად გაამარტივებს.
გახსნისთვის იგეგმება, რომ ახალი აეროპორტი წელიწადში 90 მილიონ მგზავრს მოემსახურება, 2023 წლისთვის კი მგზავრთნაკადის გაზრდას 250 მილიონამდე გეგმავენ. ამ დროისათვის ახალი აეროპორტი დღეში 3 ათასზე მეტი ავიარეისის მომსახურებას შეძლებს და იქ 225 ათასამდე ადამიანი დასაქმდება.
როგორც თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი აჰმეთ არსლანი ამბობს, ათათურქის აეროპორტიდან ახალ აეროპორტში შესაბამისი ტექნიკის გადატანას 48 საათში შეძლებენ.
არსლანის ცნობით, აეროპორტის 85% თითქმის აშენებულია და ოქტომბრისთვის მისი გახსნა არ შეფერხდება. ამ დროისათვის ტერიტორიაზე 24–საათიანი რეჟიმით მუშაობენ და ირწმუნებიან, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.
სტამბოლის ახალი აეროპორტის მაკეტი
სტამბოლის ახალი აეროპორტის მაკეტი
ოფიციალური ინფორმაციით, ახალი აეროპორტის მშენებლობაზე სამუშაო მიზეზით 13 მუშაა დაღუპული, არასამუშაო მიზეზით კი – 14.
2018 წლის ოქტომბრიდან სწორედ ახალ აეროპორტში განთავსდება თურქეთის ავიახაზების ძირითადი ბაზა. აღნიშნული ავიაკომპანია უკვე წლებია შეუქცევადად იზრდება. თუ თურქეთის ავიახაზებმა 2005 წელს 14 მილიონი მგზავრი გადაიყვანა, 2017 წელს ამ რაოდენობამ 69 მილიონს მიაღწია.
სტამბოლის ახალი აეროპორტის მაკეტი
რაც შეეხება სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტს, ის 2018 წლის ოქტომბრის ბოლოდან მხოლოდ კერძო ავიარეისებს, ოფიციალურ ვიზიტებსა და თურქეთის საჰაერო ადმინისტრაციას მოემსახურება. სტამბოლში მუშაობას ჩვეულებრივ გააგრძელებს საბიჰა გოქჩენის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც გაცილებით მცირე ზომისაა.