„ისრაელი სრულად უჭერს მხარს პრეზიდენტ ტრამპის გაბედულ გადაწყვეტილებას, უარი თქვას საშინელ შეთანხმებაზე ირანის ტერორისტულ რეჟიმთან“, - ამის შესახებ სპეციალურ მიმართავაში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
„ისრაელი თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა აღნიშნულ ბირთვულ შეთანხმებას, ვინაიდან ის გზას უხსნიდა ირანს ბირთვული იარაღის მოპოვებისთვის. შეთანხმების ფარგლებში სანქციების მოხსნამ უკვე გვიჩვენა საზარელი შედეგები. ამ შეთანხმებამ არ შეამცირა ირანის აგრესია, პირიქით, მკვეთრად გაზარდა ის და ჩვენ ამას ახლო აღმოსავლეთში ვხედავთ. შეთანხმების დადების შემდეგ ირანის აგრესია ყოველდღიურად იზრდებოდა ერაყში, ლიბანში, იემენში, ღაზაში და სირიაში, სადაც ირანი ცდილობს სამხედრო ბაზები შექმნას, რათა ისრაელზე თავდასხმა მიიტანოს“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
მისივე თქმით, ირანის ტერორისტული რეჟიმი ავითარებს ბალისტიკური რაკეტების შესაძლებლობებს. „თუ ყველაფერ ამას უცვლელად დავტოვებთ, ეს რეცეპტია კატასტროფისთვის“, - დასძინა მან.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებიდან აშშ-ს გასვლის თაობაზე განცხადება გააკეთა. აღნიშნულის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში გამართული მიმართვისას ისაუბრა. ამასთან ერთად აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანს ყველაზე მაღალი დონის ეკონომიკური სანქციები დაუწესდება, რომელიც 2015 წლის შეთანხმების ფარგლებში გაუქმდა.